ვიდეო
ბოლო ზარი - ცხოვრების დასაწყისი, თუ დასასრული ... [Video]
ბოლო ზარი ახლოვდება და ამავდროულად იზრდება მასთან დაკავშრებული პრობლემებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობაც. საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო -ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის მაისის თვეში კახეთის რეგიონში სულ დაფიქსირებულია 38 ავტოსაგზაო შემთხვევა. აქედან დაშავებულია 59 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია - 5. ავარიების რიცხვით სწორედ მაისის თვე ლიდერობს 2008-2015 წლების განმავლობაში.

საზოგადოების ნაწილი თანხმდება, რომ ბოლო ზარი და გასეირნების ტრადიცია კარგია, მაგრამ საჭიროა ახალგაზრდებმა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, ნაწილისთვის კი ამგვარი პომპეზურობა მიუღებელია. ამავე მოსაზრებას აფიქსირებს ქალაქ გურჯაანის გურამ ჭილაშვილის სახელობის #4 საჯარო სკოლის მე-12 კლასის დამრიგებელი და ქართული ენის პედაგოგი ლეილა ქვლივიძე. „ბოლო დროს ტრადიციად იქცა თელავსა თუ ყვარელში მანქანებით გასეირნება და საბანკეტო ცერემონიალის იქვე, რესტორანში, აღნიშვნა. თუმცა ბანკეტისა და ბოლო ზარის ამგვარი პომპეზურობის წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს გარკვეულ საფრთხეს შეიცავს.“

რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევით დასრულდა „ბოლო ზარი“ წყალტუბოში. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავარიით დასრულდა ასევე გასულ წელს ქალაქ გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის ბანკეტი. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდნენ ინგლისური ენის პედაგოგი თამუნა კალაძე და მანქნაში მსხდომი მოსწავლეები.

| Print |
FaceBook Twitter Google