სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
"ჩვენ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვახსენდებით"
იორმუღანლოს თემის ერთ-ერთი სოფლის, კაზლარის მოსახლეობა "სპექტრთან" კვლავ მოუგვარებელი და გადაუჭრელი პრობლემების შესახებ საუბრობს. მათი თქმით, არჩევნების შემდგაც არაფერი შეცვლილა და ფიქრობენ, რომ დაპირებები ამჯერადაც არჩევნების მოახლოებით იყო განპირობებული. -"ჩვენი სოფელი წლებია მიტოვებულია, უპატრონოდაა დარჩენილი. ყურადღებას არავინ გვაქცევს. გზა ხომ წლებია არ გვაქვს, წყალიც ეხლა გამოუშვეს ონკანზე, ამას თუ გამოშვება ჰქვია, მოწანწკარებს. თან არც გრაფიკია დაწესებული. საიდანაც ეს წყალი მოდის, იმ ადგილას მილია დაზიანებვული. იღვრება და ჭალაში მიდის, მოსავალს აფუჭეებს. უბნებამდე კიდევ ძლივსღა აღწევს," _ გვითხრა ნასიბ მამედოვმა. ნარბალ ახმედოვი ამბობს, რომ დაზიანებული მილის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსშია, თუმცა მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებენ. -"ორი თვეა ამ დღეში ვართ. "კრანზე" წყალი მოწანწკარებს. დღეს კიდევ შედარებით კარგად მოდის, ნაწვიმარი რომ არის, მაგიტომ. წინა დღეებში ძლივს ვავსებდით. კაზლარს პატრონი არ ჰყავს. ხელმძღვანელობამ იცის, რომ ამ დღეში ვართ, მაგრამ არაფერს აკეთებს," _ გვითხრა მან. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, კი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) ურჩევია, ისევ მინდვრად, ფერმაზე იყოს გასული, რადგან სოფელში გაუსაძლისი პირობებია. -"არაფერი არ არის ჩვენთან. წყალია და ხედვათ როგორ მოდის. ამ გზის გაკეთებას კიდევ ყველა ხელისუფლება გვპირდება ხოლმე. არჩევნებამდე მოდიან, დაპირებებს იძლევიან, ჩვენს ხმებს ითხოვენ და მერე აღარ ვახსოვართ. წელსაც ასე იყო, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ისევ არ არის სამსახურები. ხალხი უმუშევარია. ამიტომაცაა, რომ სოფელში ყოფნას ფერმაზე, საქონელში წასვლა მირჩევნია," _ აღნიშნა მან. კაზლარის პრობლემის შესახებ კომენტარი სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ვთხოვეთ. ზაურ ალიევის თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია და ცდილობს, ეს საკითხები მალე მოაგვაროს. -"ამ პრობლემების შესახებ ჩემთვის ცნობილია. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც საქმის კურსშია. ეხლა იწყებენ ახალი პროგრამების განხორციელებას და ეს ჩვენს სოფლესაც შეეხება," _ გვითხრა ზაურ ალიევმა და აქვე განმარტა, რომ დაზიანებული წყლის მილები ორ-სამ დღეში შეკეთდება. ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google