სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
რიგითი იორმუღანლოელის გასაჭირი
"სპექტრი" ყოველთვის ცდილობს, იორმუღანლოს თემის მოსახლეობის პრობლემები გააშუქოს და მათ აზრის გამოხატვის საშუალება მისცეს. ყოველი ვიზიტისას, ადგილობრივებს თავიდან ვუსვათ კითხვას _ "რა გაწუხებთ? რაზე გინდათ ისაუბროთ?" ამის მიხედვით სტატია შესაძლოა სოფლის საზოგადო გასაჭირს ეხებოდეს, ანდა ერთი კონკრეტული ადამიანის საწუხარი გადმოგცეთ. როგორც იორმუღანლოს მაცხოვრებლების უმრავლესობა, ნასიმ მამედოვ ზიადინოღლიც ოჯახს მესაქონლეობით არჩენს. წლებია, რაც ცხვრის ფარა მოამრავლა და მისი შემოსავლის წყაროც ესაა. ამბობს, რომ ბევრს წვალობს, ზოგჯერ უფასდება შრომა, ზოგჯერ კი არა. მისი თქმით, ცხვრის მოვლა-პატრონობას და გაზრდას ბევრ ენერგიას და თანხას ახმარს. გასაყიდი ფასი კი ნაკლებია. -"ცხვრის შენახვა ძნელია, ბინას ძვირად მაქირავებენ. ოთხი თვით რომ ვიქირავე, ოცდაათი ათას ლარი გამომართვეს. გამოვაზამთრე საქონელი და წამოვიყვანე. ჩვენც ხომ ცოდონი ვართ, ხომ შეიძლება ფერმების მეპატრონეებმა მეცხვარეების მდგომარეობა გაითვალისწინონ, მე ხომ მწყემსიც უნდა ვიქირავო და ფული იმასაც გადავუხადო," _ გვითხრა ნასიმ მამედოვმა და აქვე დასძინა: _"შარშან ცხვრის მოვლა-პატრონობა ოცდაათი ტონა ქერი და ორი ათასი პრესი დამიჯდა. ბატკანი კიდევ ნახევარი დამრჩა, ფაქტიურად ვიზარალე. საერთოდ, კარგი ცხვრის გასაყიდი ფასი 120-130 ლარია, მაგრამ მოგებას ვერ გაიგებ რამდენია. ხან გამოდის რაღაც, ხან _ არა. არადა, რომ ვთქვა მთავრობის ბრალია-მეთქი, ამ შემთხვევაში მთავრობას რა მოვთხოვო. მე ვინც ფერმას მაქირავებს, იმ ქალს კერძო მფლობელობაში აქვს და თვითონ რამდენსაც უნდა, იმდენს დაადებს ფასს," _ გვითხრა მან. საუბრსის დასასრულს კი კაზლარელმა მწყემსმა, გულგატეხილობის მიუხედავად მაინც აღნიშნა, რომ უწვალებლად არაფერი გამოდის და იმედი აქვს, მისი შრომაც დაფასდება. ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google