სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
კაზლარელები სანიაღვრე არხის მოწყობას ითხოვენ
სოფელ კაზლარის მოსახლეობის ნაწილი სახლებისა და ეზოების დატბროვას ჩივის. როგორც ისინი "სპექტრთან" საუბარში აცხადებენ, წლებია ამინდის გაუარესებისა და ძლიერი წვიმის შედეგად სახლები წყლით ევსებათ. ამის ძირითად მიზეზად ისინი სოფელში სანიაღვრე არხის არარსებობას ასახელებენ. kazlari-"ქვემოთ სახლები სულ გაფუჭებულია. ძალიან ცუდ დღეში ვართ. არხი არ არის, წყალს გასაქანი არ ეძლევა და წვიმის დროს ეზოებში გვივარდება. აქ ჭალაა, ამიტომ კანალიზაცია აუცილებლად უნდა გაკეთდეს," _ ამბობენ ადგილობრივები. -"სანიაღვრე არხი არ არის, წყალს გასავალი არ აქვს და საშინელებაა ხოლმე. იქნებ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს და რამე საშველი გვქონდეს. სოფელში უმრავლესობა ამ დღეშია. ყველას უნდა, რომ არხი გაკეთდეს. ბევრს სახლის პირველი სართული საერთოდ აღარ აქვს. ძლიერი წვიმის დროს დაეტბორა," _ გვითხრეს კაზლარელებმა. kazlari2როდის მოგვარდება კაზლარელების პრობლემა, ამ კითხვით ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ზაურ ალიევს მივმართეთ. მისი თქმით, წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" კაზლარში გათვალისწინებულია სასაფლაოების შემოღობვა, წყლის რეზერვუარისა და გზების მოწყობა. რწმუნებულის განმარტებით, ეს სამუშაობი თავად მოსახლეობამ მოითხოვა. -"რაც შეეხება სანიაღვრე არხებს, ამას წინათ დამირეკეს და ამ პრობლემის არსებობის შესახებ მითხრეს. ტრაქტორი მივიყვანე, რომ ერთი მონაკვეთი გაეთხარა და პრობლემა დროებით მაინც მოგვეგვარებინა. მოსახლეობას ეს საკითხი "სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში" პრიორიტეტად არ დაუსახელებია. თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც მისახედია," _ გვითხრა ზაურ ალიევმა და იქვე პირობა დადო, რომ შეეცდება საკითხი უახლოეს მომავალში გადაიჭრას. ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google