სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
იორმუღანლოელები სამუშაო ადგილების შექმნის მოლოდინში
გაზაფხულზე იორმუღანლოს თემის სოფლები ფაქტიურად ცარილდება. მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობა ოჯახებით ფერმებში სამუშაოდ სხვადასხვა რაიონში მიდის. ჯიმშერ ეიბოვი ლამბალოს მკვიდრია. უკვე რამდენიმე თვეა ოჯახთან ერთად დედოფლისწყაროს რაიონში ფერმაში რთულ პირობებში ცხოვრობს. -"სამუშაო არაფერია, რომ ოჯახები წლიდან წლამდე შევინახოთ. იძულებული ვართ სხვადასხვა რაიონებში ფერმებში ქირაზე წავიდეთ და ცხვრებს და ძროხებს მოვუაროთ. ცხოვრების მეტ ნაწილს ფერმაში ვატარებთ, სახლში თითქმის არ გვძინავს. ოჯახებით ავიყრებით და მივდივართ, თვეში 300-400 ლარს გვიხდიან. თუ პატრონი კარგი შეგვხვდა, უფლებას გვაძლევს, რომ საქონელი 1-2 დღე ჩვენთვის მოვწველოთ და ყველი გავაკეთოთ. მინდორში ცხოვრება ძალიან ძნელია, მით უმეტეს, თუ ოჯახში პატარა ბავშვებიც არიან. ელემენტარული პირობები არ გვაქვს, შუქი იქ არ არის და წყალი. საჭმელიც ჩვენ თვითონ მიგვაქვს. გაზაფხულზე მივდივართ და ოქტომბრის ბოლომდე იქ ვრჩებით. სკოლა რომ იწყება, ბავშვები ცოტა ადრე მოდიან სახლებში. სოფელი თითქმის დაცარიელებულია. მეც ეხლა ორი დღით გამოვედი და ისევ მივდივარ. 100-200 სულ საქონელს ვუვლით," _ გვითხრა მან. samushao adgilebi2მისგან განსხვავებით სოფელ ქეშალოს მკვიდრს შამილ თალიბოვს თავისი საქონელი ჰყავს მთაში. როგორც სხვები, ისიც თვიდან თვემდე ამით არჩენს ოჯახს. -"სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ასე ცხოვრობს. ზოგს თავისი საქონელი ჰყავს, ზოგი კი ქირაზე მიდის. მეც მყავს ამჟამად ოჯახი მთაში ფერმაზე წაყვანილი, ოღონდ საქონელი ჩემია. ძალიანაც არ გვინდა, რომ ამდენი ხანი სახლს ვართ მოშორებული, მაგრამ სხვა გამოსავალი ნამდვილად არ გვაქვს, მაშინ შიმშილით დავიხოცებით. ხარჯი ბევრია, რადგან ფერმები სხვისია და ქირით ვიღებთ. ძალიან დიდ თანხას ვიხდით დახლოებით 20 ათას ლარამდე ერთ სეზონზე. მე თვითონ ცხვარიც მყავს და ძროხაც. ძალიან დიდი მოვლა უნდა, ფასი კი არ აქვს. არანაირი საცხოვრებელი პირობები იქ არ არის. ცხვარს არაბები ყიდულობენ, თუ არ იყიდეს, მაშინ ვაი ჩვენი ბრალი. თან მწყემსები გვყავს აყვანილი და თითოს 300-400 ლარს ვუხდით თვეში, ფაქტიურად არაფერი გვრჩება. რისთვის ვართ თვიდან თვემდე გადაკარგულები, არ ვიცი," _ ამბობს ის. წლების განმავლობაში ფერმაზე ოჯახისგან შორს უწევს ცხოვრება დურსუნ ომაროვსაც. მისი თქმით, გამოსავალი მარტო ის არის, რომ მთავრობამ ხალხი რამით დაასაქმოს. -"ამ გაჭირვებულ დროში ადამიანმა რა უნდა გააკეთოს, მიწები ჩვენ არ გვაქვს რომ რამე დავთესოთ და წლიდან წლამდე მოსავლით იოლას გავიდეთ. იძულებულები ვართ ვიღაცას ქირაზე ვემსახუროთ. ძალიან ცუდ დღეში ვიმყოფებით, განსაკუთრებით კი ჩვენი სოფლების მოსახლეობა. სამუშაო ადგილები რომ იყოს სადმე, ადამიანი იქ დასაქმდებოდა და ანაზღაურებაც ნორმალური გვექნებოდა. იქნებ ახალი მთავრობის დროს მაინც მოგვარდეს ეს პრობლემა," _ აღნიშნა მან. მოსახლეობა კიდევ ერთ არჩევნებს ელოდება და იმედი აქვს, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, მთავრობა უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს და ხალხიც სასიკეთო ცვლილებებს საკუთარ მაგალითზე იგრძნობს. მარინა ბეროშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google