სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
სარწყავი წყლის საკითხი უახლოეს პერიოდში ვერ გადაიჭრება
ckali3უკვე მრავალი წელია, რაც იორმუღანლოს თემის სოფელ ქეშელოს მოსახლეობას სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებს. დახმარების თხოვნით წინა ხელისუფლებასაც მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. იმედოვნებენ, რომ პრობლემა ამჯერად მაინც მოგვარდება. -"ჩვენს სოფელში სარწყავი წყლის პრობლემაა. არხები კი არის, მაგრამ შიგ წყალი არ მოდის და რა მნიშვნელობა აქვს. ხეხილი გახმა, ბოსტნებს ვერ ვრწყავთ და ოჯახისთვის მწვანილიც კი ვერ მოგვყავს. ხალხი ძალიან შეწუხებულია. ეხლა ახალი რწმუნებული გვყავს და ამ პრობლემის შესახებ მასაც ვუთხარით, გვიპასუხა: ჯერჯერობით ფული არ არის და როცა იქნება აუცილებლად გავაკეთებთო. წყალი ეხლა გვჭირდება, ერთი თვის მერე გადახმება ყველაფერი და მერე რაღად გვინდა?" _ გვითხრა დურსუნ კამბაროვმა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გაცილებით მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა, მით უმეტეს ზაფხულის სეზონზე. -"სარწყავი არხები ჯანდაბას, სოფელში ნორმალურად დასალევი წყალიც არ გვაქვს. აქ ცენტრალურ გზაზე კი გააკეთეს კრანები, მაგრამ ზემოთ უბნებში ხალხს წვეთი წყალი არ აქვს. მანქანებით და ტაჩკებით გვიწევს მოტანა შორი მანძილიდან. ამ სიცხეში ადამიანს დასალევი წყალიც რომ არ ექნება, როგორია?! ძალიან გვიჭირს. გამგებელს ამ საკითხზე მივმართეთ და გვითხრა გავაკეთებთო. ჩვენც ველოდებით, მეტი რა გზა გვაქვს. იქნება ეხლა მაინც გვეშველოს რამე," _ გვითხრა აივაზ ომაროვმა. ckali2როგორც ჩვენთან საუბარში სოფელ ქეშელოს რწმუნებულმა ნათიკ რასულოვმა აღნიშნა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში", ქეშელოსთვის 61 ათასი ლარია გამოყოფილი. -"მე ვიცი რომ მოსახლეობას სარწყავი არხების და დასალევი წყლის პრობლემა აწუხებს. ამჟამად ამ პროგრამის ფარგლებში სოფელში სხვა საკითხებთან ერთად სასმელი წყლის პრობლემაც მოგვარდება, რადგან იგეგმება ჭაბურღილის გაკეთება. რაც შეეხება სარწყავ არხებს, ეს საკითხი ამ დროისთვის ვერ მოგვარდება. მომავალში ყველანაირად ვეცდებით, რომ ესეც დადებითად გადავწყვიტოთ. დაგეგმილი სამუშაოები კი დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება," _ გვითხრა მან. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ახალი მთავრობა თავის დაპირებებს შეასრულებს და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება. მარინა ბეროშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google