სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ოჯახური სითბო და სიმყუდროვე ჰასაევებთან
ojaxi2ალმასხან ჰასანოვმა და ნასიბ ხუბანოვმა ოჯახი 32 წლის წინ შექმნეს. მას შემდეგ მეუღლეები ერთად მოდიან. ერთმანეთზე ისევ დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობენ და გაცნობის ხანას ხალისით იხსენებენ. -"ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი. ჩემმა ახლობელმა მითხრა ერთი კარგი გოგო უნდა გაჩვენოო. მაშინ კოლმეურნეობები არსებობდა. ნასიბი ბრიგადის წევრი იყო და ვენახში მუშაობდა. წავედით მე და ჩემი ახლობელი და ვნახეთ. ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, ცოლად მომეყვანა," _ ამბობს ალმასხან ჰასანოვი. მისი თქმით, კარგად ჰქონდა გააზრებული ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობა. ამიტომ ცოლი მაშინ მოიყვანა, როდესაც სახლში ხელსაყრელი პირობები შექმნა. -"მე ხშირად მიწევდა სახლიდან გასვლა, ხალხში ტრიალი. ამიტომ გადავწყვიტე ცოლი მაშინ მომეყვანა, როდესაც ოჯახში ნორმალური პირობები მექნებოდა. სახლი ავაშენე და ამის შემდეგ დავქორწინდი." ალმასხან ჰასანოვის ვაჟი, ქამილ ჰასანოვი სოფელ დუზაგრამის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია. მამას ძალიან ეამაყება, რომ მისი ბიჭი სოფლის ხელმძღვანელია. -"მიხარია, რომ ქამილი სოფელს უძღვება. რჩევებსაც ვაძლევ ხოლმე რა გააკეთოს, როგორ იმუშავოს რომ მოსახლეობა კმაყოფილი დარჩეს. ბევრი რამაა გასაკეთებელი და შესაცვლელი. იმედია, ეს მთავრობა ეტაპობრივად ყველაფერს შეძლებს." ბატონი ალმასხანი საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ. პასუხი ყველაფერზე ჰქონდა. გვითხრა, რომ ძალიან უყვარს საქართველო, ქართველები და ბევრი მეგობარიც ჰყავს. მისივე თქმით, დიდ ყურადღებას ანიჭებს განათლებას. მიიჩნევს, რომ მისმა შვილიშვილებმა აუცილებლად კარგად უნდა ისწავლონ. -"ცოდნის მიღება აუცილებელია. ჩემი შვილიშვილები ჯერ პატარები არიან, სულ ყოველთვის ვეუბნები კარგად უნდა ისწავლოთ, თუ გინდათ ცხოვრებაში რამეს მიაღწიოთ-მეთქი." ამბობს, რომ ცხოვრებაში განსაცდელი არაერთხელ შეხვდა, თუმცა მეუღლესთან ერთად ეს დაბრკოლებები მაინც გადალახა. დღეს ჯანმრთელობას უჩივის, თუმცა იმედი აქვს მალე კარგად იქნება. -"მხედრიონი რომ იყო, მაშინ მესროლეს. საფანტები ფეხში მომხვდა. ეხლა ზუსტად ამ ფეხზე განგრება დამემართა და მომკვეთეს. იმედია, გამოვკთედები და მდგომარეობა გამიუმჯობესდება." ტკვილს და გასჭირს დიდი ოჯახი ატანინებს. მეუღლე, ორი ბიჭი, მათი ცოლები და შვილიაშილები მისთვის მთავარი სიმდიდრეა. -"მინდა რომ შვილები თავიანთი ოჯახებით სულ ჩემს გვერდით მყავდნენ. უფროსი ბიჭი ცალკე ცხოვორბს. უფრო დიდი სახლი რომ მქონდეს და საშუალება იყოს, მასაც ჩემთან ვაცხოვრებდი. არ მესმის რატომ აქვთ ხოლმე ოჯახში დაძაბული მდგომარეობა, რატომ ჩხუბობენ?! ოჯახი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს," _ გვითხრა მან. თავად მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, ამიტომ კარგად იცის ახლობლისა თუ დედმამიშვილების ფასი. -"ეხლა ავად რომ გავხდი, სანახავად ჩემი და ბაქოდან ჩამოვიდა. აი ასეთი ურთიერთობა გვაქვს დედმამიშვილებს დღემდე." მათთან სტუმრობა სპექტრელებს ძალიან სასიამოვნოდ დაგვამახსოვრდა. ოჯახის დიასახლისმა ქალბატონმა ნასიბმა თბილად და ხალისიანად მიგვიღო, ისე რომ თავი საკუთარ სახლში გვეგრძნო. გამუდმებით გვიღიმოდა და ცდილობდა საუცხოოდ გაგვმასპინძლებოდა. ეზოში პატარა ბავშვები თამაშობდნენ. ალმასხანის შვილიშვილები. ისინი ბავშვური ცნობისმოყვარეობით გვაკვირდებოდნენ და მოგვიანებით გაგვიშინაურდნენ კიდეც. ამ პატარების თვალებშიც ოჯახის უფროსი წევრებისთვის დამახასიათებელი სითბო, სიკეთე და სტუმარ-მასპინძლობის სიყვარული აირეკლებოდა. ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google