როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში მცხოვრები ალიევ მაჰმუდ მაჰამადოღლი ამბობს, ირანელებმა ის ფერმა იყიდეს, რომელიც მის ოჯახს წლების განმავლობაში იჯარით ჰქონდა აღებული. მისი თქმით, ირანელებმა ფერმა, რომელშიც ცხვარი ჰყავდა დაბინავებული, ერთი წლის წინ შეიძინეს
.
ამის შემდეგ შეეცადა სიმართლე დაედგინა, თუმცა ვერაფერს გახდა. "30 წელი იქნება, რაც ეს ფერმა ჩემს ოჯახს იჯარით ჰქონდა აღებული. საერთოდ, 49 წლით ავიღეთ. დაახლოებით ერთი წელია, რაც წაგვართვეს. სად აღარ ვიყავი, ქალაქში 50-ჯერ მაინც ჩავედი, მაგრამ არავინ დამეხმარა. 2000-ზე მეტი ცხვარი მყავს. ეხლა მთაშია გარეკილი, რომ ჩამოვიყვან სად წავიყვანო არ ვიცი, სად დავაბონავო?"-გვითხრა ალიევ მაჰმუდ მაჰამადოღლიმ.
მისი თქმით, ყოველ წელიწადს სახელმწიფოს 3000-4000 ლარს უხდიდა. "სპექტრმა" არაერთხელ აღნიშნა, რომ მოტყუებით გაყიდული მიწები ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია. როგორც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელმძღვანელობა აცხადებს, ეს თემა ნამდვილად პრობლემატურია, თუმცა მისი გადჭრის გზები, მათი პრეროგატივა არ არის. სამართლებრივი საკითხია, რომელიც საკანონმდებლო დონეზე უნდა მოგვარდეს.
ამის შესახებ კარგადაა ინფორმირებული მთავრობა და თავად პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც გასხვისებული ტერიტორიების შესახებ "სპექტრმა" რამდენიმე თვის წინ გამართულ პრესკონერენციაზეც ჰკითხა. "ეს კითხვა ძალიან რთულია და ამავე დროს საინტერესოც. მართლაც, ასეთი პრეცედენტი ხშირია რეგიონებში და მსგავსი უსამართლობები შეგიძლიათ ნახოთ არა მარტო კახეთში. ძალიან რთულია გიპასუხოთ როგორ უნდა აღვადგინოთ და გავხადოთ კანონიერი აღნიშნული ფაქტები, ან თითოეული შემთხვევა. საერთოდ, მისასალმებელია, რომ უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს ქვეყანაში და სოფლის მეურნეობაშიც, მაგრამ წინა ხელისუფლების შემთხვევაში ეს პროცესი მიმდინარეობდა ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე და მათ საწინააღმდეგოდ. მიწების გაცემა ხდებოდა უკანონოდ და ზოგჯერ დათესილი ნაკვეთებიც კი გადახნეს. ფაქტობრივად, მიწების აღწერა დავასრულეთ რამდენიმე დღის წინ, ვერ ვახერხებდით საგაზაფხულო პროექტის შედგენას, რის გამოც კირვალიძესთან (დავით კირვალიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის იმჟამინდელი მინისტრი ავტ.) რამდენჯერმე მქონდა მკაცრი საუბარი, თუმცა ამას არ იმსახურებდა. დღე და ღამე მუშაობენ, რომ ეს მოახერხონ. დიდი დრო წაიღო, იმან, რომ გაგვეკეთებინა რეგისტრაცია, რა ხდებოდა არ ვიცოდით, არსად რეესტრში ეს აღწერილი არ იყო. რამდენიმე დღეა, რაც ეს პროცესი დასრულდა და ჩვენ დავიწყებთ ცალკეული კონკრეტული შემთხვევების განხილვას. ეს ერთ დღეში ვერ მოხდება, ამას დრო დასჭირდება, თანაც სიჩქართ შეიძლება ერთი უსამართლობა მეორეთი ჩავანაცვლოთ. რა თქმა უნდა, რთული გასარჩეევი პროცესი იქნება, მაგრამ გპირდებით, რომ აუცილებლად მოხდება რეაქცია ყველა უსამართლობაზე, მაქსიმალურად შევეცდებით აღვადგინოთ სამართლიანობა,"-განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა.
ივნისში, საქართველოს პარლამენტმა უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის შეჩერების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ახალი კანონით გასხვისებული მიწის დაბრუნება არ მოხერხდება, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიწების შესყიდვას ვეღარ გააგრძელებენ. 2017 წლის 1 იანვრამდე უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდებათ. თუმცა როგორ გადაწყდება დაზარალებული ირომუღანლოელების საკითხი ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები