განათლება
ინკლუზიური განათლება სკოლებში - რატომ ეწინააღმდეგებიან მშობლები ბავშვებისთვის სტატუსის მინიჭებას
შავი, ოდნავ სევდიანი თვალებით მერხთან ზის და სახატავ რვეულს ათვალიერებს. ჩვენს დანახვაზე დაიმორცხვა. მის შესახებ ძირითადად კლასის დამრიგებელი ელმირა ელბეილი გვიყვება. ამბობს, რომ გაკვეთილებს არასოდეს აცდენს. მათემატიკას მონდომებით მეცადინეობს. კარგად წერს და უყვარს სახვითი ხელოვნება.
გოგონას გატაცებაა ხატვა. ძირითადად პრინცესებს ხატავს. ერთ-ერთს აუცილებლად მისი სახელი ჰქვია.
კომუნიკაცია გაგვიჭირდა არამარტო ენის ბარიერის გამო, არამედ იმის გამოც, რომ მას სმენის პრობლემა აქვს და ორივე ყურზე აპარატი სჭირდება. ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირის სტატუსით სარგებლობს და სპეციალურ პედაგოგს საჭიროებს, თუმცა, შტატი ამ დრომდე ვაკანტურია.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი კაზახ აბდულაევი ამბობს, სპეცპედაგოგის შტატზე ვაკანსია უკვე სამჯერ გამოაცხადეს, მაგრამ ამ დრომდე ვერავინ შეარჩიეს.
-"ჩვენთან იყო მოსული სამინისტროს წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, რომელმაც გვითხრა, რომ ინკლუზიური ბავშვის პედაგოგი არ უნდა იყოს დატვირთული სხვა გაკვეთილებით. ჩვენ გვყავს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, რომელსაც მხოლოდ 10 საათი აქვს, მაგრამ მის დანიშვნაზე უარი გვითხრეს. არადა, ანაზღაურება 280 ლარია და ამ მიზერულ თანხაზე სამუშაოდ ვინ მოვა?"

იმის გამო, რომ სკოლას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვისთვის ცალკე პედაგოგი არ ჰყავს, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, დირექციამ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეადგინა, რომელიც ამ მოსწავლის საჭიროებებზეა მორგებული.

სპეცპედაგოგის შერჩევა, პრობლემა აღმოჩნდა სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლისთვისაც. დირექტორის თქმით, ვინც განცხადებას გამოეხმაურა, მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
-"უახლოეს პერიოდში ვაკანსიას კიდევ გამოვაცხადებთ, იქნებ ვინმე შევარჩიოთ. პედაგოგმა აუცილებლად უნდა იცოდეს როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული ენა, რომ ბავშვთან კომუნიკაცია შეძლოს. მანამდე კი, სანამ სპეცმასწავლებელი დაგვენიშნება, ჩვენთან ჩამოვიდა სამინისტროს წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, შეხვდა იმ პედაგოგებს, რომლებიც ამ ბავშვს ასწავლიან და აუხსნა, თუ როგორ უნდა იმუშაონ მასთან," - ამბობს დავით როსტომაშვილი.

ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკატერინე დგებუაძე იმ პროცედურებს განმარტავს, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის პედაგოგის შერჩევისთვისაა აუცილებელი.
-"თუ სკოლაში ჩნდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი და სკოლას ესაჭიროება დამატებითი ადამიანური რესურსი სპეციალური პედაგოგის ან ფსიქოლოგის სახით, ის აგზავნის მოთხოვნას განათლების სამინისტროში და ითხოვს შესაბამისი შტატის დამატებას, ამის შემდეგ უკვე ვალდებულია გამოაცხადოს ღია კონკურსი კადრის შესარჩევად. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ცოტა უფრო გამოცდილი კადრი შეირჩეს, ამიტომ სასურველია, კომისიაში იყოს ჩართული მულტიდისციპლინური გუნდის წევრი.
თუ პირველ ჯერზე ვერ მოხერხდა კადრის შერჩევა, მაშინ ხელახალი კონკურსი ცხადდება და სკოლა თავიდან გადის ამ პროცედურებს.
სასურველია, მოსწავლე, ნებისმიერ დროს, როდესაც სჭირდება სპეცპედაგოგის თანადგომა, უზრუნველყოფილი იყოს ამ კადრის კვალიფიციური რესურსით.
დღესდღეობით, სპეციალურ მასწავლებელს, ისევე როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელს, აქვს დამატებითი საათების ჩატარების უფლება. არსად არ არის გაწერილი, რომ მას ეს ეკრძალება. თუმცა, ჩვენი რეკომენდაციით, სასურველია, მას არ ჰქონდეს დამატებითი საათები, იმიტომ, რომ აქტიურად იყოს ჩართული ინკლუზიური განათლების პროცესში."

იორმუღანლოს საჯარო სკოლის მასწავლებლები ამბობენ, რომ სკოლაში სხვა არაერთი მოსწავლეა, რომელსაც სპეცპედაგოგი სჭირდება, თუმცა, მათ შესაბამისი სტატუსი არ გააჩნიათ.
-"ჩემს კლასში არის მოსწავლე, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს, საკმაოდ ახლო მანძილიდან უჭირს ფიგურების აღქმა.
ასევე მყავს მოსწავლე, რომელიც თანაკლასელებთან არ ურთიერთობს, ჩაკეტილი ბავშვია. ჩემთან კონტაქტშიც არ შემოდის, ვერ ვაგებინებ, რა უნდა გააკეთოს, ყველა პედაგოგთან პრობლემა აქვს, ვფიქრობ, რომ მათ სჭირდებათ სპეცპედაგოგი.
44 წელია დაწყებითი კლასის პედაგოგი ვარ, ყველანაირ ბავშვთან მქონია შეხება და გამოსავალი ყველგან მომინახავს, მაგრამ მათთან მუშაობა ძალიან გამიჭირდა," - გვითხრა ამავე სკოლის დაწყებითი კლასის დამრიგებელმა დურნა მარდანოვამ.

დირექტორის თქმით, სკოლაში სულ 1270 მოსწავლეა, მათგან დაახლოებით 8-10 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვია. თუმცა, შესაბამისი სტატუსი მხოლოდ ერთს აქვს. კაზახ აბდულაევი ამბობს, რომ პრობლემა მშობლებშია.
- "ხალხის მენტალიტეტი ასეთია, არ უნდათ დაიჯერონ, რომ მათ შვილს პრობლემა აქვს. ჩვენ გვჭირდება "ფორმა 100", რომელიც ამ ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას მოგვცემს, მაგრამ ეს საბუთები არ გვაქვს.
ჩვენი სკოლის შენობა სინამდვილეში 600-700 ბავშვზეა გათვალისწინებული. ინკლუზიური ბავშვებისთვის გვჭირდება ცალკე ოთახი, რომელიც არ გვაქვს, მაგრამ მზად ვარ, საკუთარი კაბინეტიც კი დავუთმო, თუკი შესაბამისი ინფრასტრუქტურით დაგვეხმარებიან და მოგვიწყობენ. ასევე უნდა შევარჩიოთ პედაგოგი და მერე მშობლებს შეიძლება ავუხსნათ, რომ ეს ყველაფერი მათი შვილებისთვისაა. შესაძლოა, ამის შემდეგ მოხდეს მათი დარწმუნება."

როგორც ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ამბობს, რესურსოთახის გარემონტება და შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსით აღჭურვა სკოლის პრეროგატივაა.
-"რადგან ბავშვს აქვს სტატუსი, ეს სკოლა ავტომატურად იღებს დამატებით დაფინანსებას. მემგონი მათთვის პრობლემა არ უნდა იყოს, რომ გამოყონ ერთი ოთახი, ამ დამატებით ჩარიცხული თანხის საფუძველზე გაარემონტონ და აღჭურვონ შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსით. ეს სკოლის ვალდებულებაა. მით უფრო, რომ ეს თანხა უგროვდებათ, სანამ სპეციალისტს დაასაქმებენ და ხელფასის სახით გადაუხდიან.
იმის გასარკვევად, თუ რა საგანმანათლებლო რესურსები სჭირდებათ, უნდა მიმართონ კახეთის მულტიდისციპლინურ გუნდს. გარდა ამისა, ეს ჩამონათვალი გავუგზავნეთ ყველა საჯარო სკოლას."

ლამბალოს საჯარო სკოლაში 1070 ბავშვი სწავლობს და მხოლოდ 1 სსსმ მოსწავლე ჰყავთ. თუმცა, მშობლის დარწმუნება, რომ მათ შვილს სპეცპედაგოგი ესაჭიროებოდა, აქაც პრობლემა აღმოჩნდა.
-"ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე არაადეკვატური ქცევით ხასიათდება. ხელს უშლის პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც. მასწავლებელს ხელჩაკიდებული დაჰყავს და გაკვეთილს ისე ხსნის, რომ რამე არ ჩაიდინოს. ამ ბავშვს თავიდანვე ჰქონდა ასეთი ქცევები, მაგრამ მშობელს უჭირდა იმის აღიარება, რომ მისი შვილი სპეცპედაგოგს საჭიროებდა. ბავშვი ძირითადად პაპასთან ცხოვრობს და ის აქცევს ყურადღებას. ავუხსენით მდგომარეობა, ჩვენი რჩევითა და თავიანთი მონდომებით, საბოლოოდ, ექიმთან წაიყვანეს. მისი საბუთები გასულ წელს მივიღეთ. როგორც მოგვივიდა ექიმის დასკვნა, მაშინვე ვაცნობეთ სამინისტროს. სექტემბრიდან უკვე დაგვემატა შტატი და ვაკანსიაც გამოვაცხადეთ," - ამბობს სკოლის დირექტორი დათო როსტომაშვილი.

ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ეკატერინე დგებუაძის თქმით, იმისათვის, რომ ბავშვის შეფასება მოხდეს, აუცილებელია მშობლის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ამის უფლება არ აქვთ.
-"შეფასება, საგანმანათლებლო სტატუსის დადგენასთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს მშობლის ნებართვის საფუძველზე. რა თქმა უნდა, საჭიროა სკოლის ინიციატივა, მაგრამ მას უნდა ახლდეს მშობლის თანხმობა. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მომართვის ფორმა, რომელსაც ავსებს და ხელს აწერს მშობელი, როდესაც ეს დოკუმენტი იგზავნება განათლების სამინისტროში. თუმცა, სკოლას შეუძლია გააკეთოს რეფერირება და მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს."

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტში განმარტეს, რომ მათი სამსახური მსგავს შემთხვევაში ერთვება მაშინ, როდესაც ბავშვი არის სახელმწიფოს ზრუნვაში.
-"ჩვენ გვქონია შემთხვევა, როდესაც სკოლას მოუმართავს და უთქვამს, რომ ეს ბავშვი, რომელიც არის სახელმწიფოს ზრუნვაში, საჭიროებს მსგავსი ტიპის მომსახურებას. ასეთ სიტუაციაში ჩვენ უნდა მივმართოთ კომისიას, რომ ბავშვს მიანიჭოს სტატუსი. ეს არის ის ნაწილი, რა შემთხვევაშიც ჩვენ ვერთვებით.
თუ ბავშვს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, მაშინ ეს საკითხი მშობელსა და სკოლას შორისაა მოსაგვარებელი. თუ მშობელი ვერ ხვდება, რომ მის ბავშვს მსგავსი საჭიროება აქვს, მაშინ სკოლამ უნდა მიუთითოს ამის შესახებ. თუმცა, თუ სკოლა თვლის, რომ მშობელი უგულვებელყოფს ბავშვს და მისი ფუნდამენტალური უფლება ირღვევა, ამ მოტივით, მას, ასევე რეფერირების ფარგლებში, შეუძლია მომართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომ მშობელი არღვევს ბავშვის უფლებებს, მაგრამ ეს უნდა იყოს დასაბუთებული.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მშობელს ვერაფერს დავაძალებთ, მაგრამ თუ სკოლიდან მოგვივა მიმართვა, რომ ირღვევა ამ ბავშვების ფუნდამენტალური უფლება განათლებასთან მიმართებით და ვნახეთ, რომ ბავშვი არ სწავლობს, სკოლიდან გამოირიცხა, არ დადის იმიტომ, რომ მას არ შეუძლია, მაგრამ მშობელი ამას ვერ ხვდება და მიზეზებს სხვაგან ეძებეს, რასაკვირველია, ასეთი მომართვის შემდეგ შესაძლებელია სოციალური მუშაკი ჩავიდეს და მშობელს დაელაპარაკოს, აუხსნას ბავშვის უფლებები. თუმცა, იგივე ვალდებულება აქვს სკოლას.
ასევე შესაძლებელია, სკოლამ მიმართოს მანდატურის ფსიქოლოგიურ ცენტრს და თუ საჭიროა, მაშინ ჩვენთან გადმოამისამართებენ. შესაძლოა, ამ ბავშვებს უფრო კომპლექსური შეფასება სჭირდებათ," - აღნიშნა ჩვენთან საუბარში სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლაში სწავლობენ, მათგან სპეცპედაგოგი ამ დრომდე მხოლოდ იორმუღანლოს და ლამბალოს სკოლაში ვერ შეარჩიეს.

P.S.
თუ თვლით, რომ თქვენი შვილი საჭიროებს სპეცპედაგოგის დახმარებას, მიმართეთ სკოლის დირექციას. მოიკითხეთ სპეციალური ფორმა, შეავსეთ თქვენი , ასევე თქვენი შვილის მონაცემები და დაურთეთ ხელმოწერა.
აღნიშნულ დოკუმენტს ასევე შეავსებენ თქვენი შვილის პედაგოგები და საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრი ამ მონაცემებს გადააგზავნის შესაბამის უწყებაში, რის შემდეგაც თქვენი შვილი გაივლის კომისიას და საჭიროების შემთხვევაში მიენიჭება სტატუსი. მას დაუნიშნავენ სპეციალურ პედაგოგს, რომელიც დაეხმარება საგანმანათლებლო პროცესში.






სტატიის აზერბაიჯანული ვერსია
დავით როსტომაშვილი
კაზახ აბდულაევი
| Print |
FaceBook Twitter Google