არჩევნები 2016
"კახეთი-იონის“ პრეზიდენტს " ქართული ოცნების“ აგიტაციისთვის შესაძლოა 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისროს

წინასაარჩევნო კამპაანის ფარგლებში "ქართული ოცნების“ გურჯაანის დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ქართულ- ფრანგულ დიაგნოსტიკურ ცენტრ, ,,კახეთი- იონს“ ეწვია და მედპერსონალთან ერთად ცენტრის განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო.

როგორც შეხვედრაზე "კახეთი-იონის" პრეზიდენტმა ერიკ ჟანტიმ განაცხადა, დავით სონღულაშვილს 15 წელია იცნობს და მას ყველა კარგი თვისება აქვს.

“ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ჭკვიანი და წარმატებული. ყოველთვის დაინტერესებული იყო თავისი რაიონის განვითარებით და ვფიქრობ, არაჩვეულებრივი კანდიდატია. მინდა გითხრათ, რომ დავითმა უკვე დაიწყო ზრუნვა თავისი რაიონის მოსახლეობისათვის. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა საუბარი C ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მალე კახეთის რეგიონიც ჩაებას ამ პროგრამაში. ჩვენ დავითის დახმარებით, შეხვედრები გავმართეთ ჯანდაცვის სამინისტროში და ძალიან მალე კახეთის მოსახლეობას შეეძლება ჩვენს კლინიკაში ცე ჰეპატიტისგან მკურნალობა.“

მისივე განცხადებით, უახლოეს მომავალში ისინი გეგმავენ, ამბულატორიული ქირურგიის კაბინეტის გახსნას.

- „დავითთან ერთად სხვა ძალიან საინტერესო პროექტზეც ვისაუბრეთ: მისი სურვილია გურჯაანში გაკეთდეს აგროტექნოლოგიური ლიცეუმი, სადაც მომზადდებიან სპეციალისტები სოფლის მეურნეობის დარგში. ჩვენ უკვე დავიწყეთ ფრანგულ მხარესთან საუბარი, თუ რა შეგვიძლია ჩვენი მხრიდან გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროექტის განვითარებას. დავითი ჯერ მხოლოდ კანდიდატია, მაგრამ უკვე აქტიურად ჩართულია პრობლემების გადაწყვეტაში.“

როგორც speqtri.ge-ს კახეთი-იონში განუცხადეს, ერიკ ჟანტი საქართველოს მოქალაქე არ არის. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორის ირმა პავლიაშვილის განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საარჩევნო კოდექსის დარღვევას.

„თუ ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და მონაწილეობს აგიტაციაში, ეს საარჩევნო კოდექსით აკრძალული ქმედებაა. შესაძლოა, ეს აგიტაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების საფუძველი გახდეს. უკანონო აგიტაციის განხორციელებისთვის, ჩვენი კანონმდებლობით 2 000 ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული. ამ ადამიანს კანდიდატთან ერთად სამომავლო გეგმებიც აქვს, აპირებს რაღაცის განხორციელებას, თუმცა როდის მოხდება ეს, ამის თქმა რთულია. სავარაუდოდ, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ამომრჩევლის მოსყიდვასაც. ამით უნდა დაინტერესდეს აუდიტის სამსახური და მოკვლევა დაიწყოს.“

„კახეთი-იონში“ კი განმარტავენ, რომ ერიკ ჟანტის მხრიდან აგიტაციას ადგილი არ ჰქონია.

„უბრალოდ, ბატონმა დავით სონღულაშვილმა, გამოხატა მზადყოფნა, ნებისმიერ საკითხში გვერდში დაუდგეს. „კახეთი-იონს“. დარმუნებული ვარ, ნებისმიერი ორგანიზაციის გვერდითაც ასევე იქნება. რაც შეეხება ცე ჰეპატიტის პროგრამას, ის არ ხორციელდება და არც იგეგმება რომელიმე ადამიანის სურვილით, ეს არის სახელწმიფო პროგრამა, რომელსაც მონიტორინგს და ზედამხედველობას უწევს ჯანდაცვის სამინისტრო. თუკი საჭირო იქნება დახმარება, შეგვიძლია მივმართოთ როგორც ბატონ დავითს, ასევე ნებისმიერ პირს, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა შეეძლება. ჩვენ ამაში შეზღუდულები არ ვართ, თანადგომას ყველასგან მივიღებთ “-აღნიშნა „კახეთი-იონის“ ფინანსურ-ადმინისტრაციულმა დირექტორმა თამარ ცანკაშვილი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45 მუხლის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;
ბ) მოსამართლისა;
გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;
დ) გენერალური აუდიტორისა;
ე) საქართველოს სახალხო დამცველისა;
ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;
ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა;
თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;
ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.

ამავე კოდექსისის 79-ე მუხლის თანახმად წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
| Print |
FaceBook Twitter Google