არჩევნები 2016
ურთიერთბრალდებები წინასაარჩევნო ზეწოლის ფაქტებზე [Video]
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის ელგუჯა გიორგაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნათია ბიწკინაშვილი განცხადებას აკეთებს. როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა, მმართველი გუნდის წევრები მოსახლეობაზე გარკვეულ ზეწოლას ახორციელებენ.


მან ამის დამადასტურებელი ვიდეო კადრებიც გადმოგვცა. ნათია ბიწკინაშვილის თქმით, მმართველი გუნდის წევრებისგან ზეწოლა გარდა ამომრჩევლებისა, საჯარო მოსამსახურეებზეც მიმდინარეობს.
„რაც მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები დავიწყეთ, „ქართული ოცნების“ მხრიდან მუქარისა და ზეწოლის უამრავი ფაქტი დაფიქსირდა. მოსახლეობის თქმით, პარტიის წევრები, მათ აფრთხილებენ, რომ ჩვენს შეხვედრებს არ დაესწრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლობლების საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.
რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევასაც გეტყვით. ჭანდარში ანზორ ღორთქლიშვილთან, რომელიც ჩვენი მხარდამჭერია, მივიდნენ და დაემუქრნენ, რომ თუ ჩვენ მოგვცემდა ხმას, მის შვილს სამსახურს დაატოვებინებდნენ. სოფელ ვაჩნაძიანში იყო შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი, ქალბატონი ლია გოლეთიანი დადიოდა თითოეულ ოჯახში და აფრთხილებდა ხალხს, თუ ქართულ ოცნებას არ დაუჭერდნენ მხარს, სოციალური დახმარებას მოუხსნიდნენ, ხოლო ვისაც შვილები დასაქმებული ჰყავდათ, გაათავისუფლებდნენ.
ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე ავალდებულებს თანამშრომლებს მიიტანონ ოჯახის წევრების პირდობის მოწმობები, საიდანაც იწერენ პირად ნომრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურს დაატოვებინებენ.“-აღნიშნა მან.

ნათია ბიწკინაშვილის ბრალდებებს უარყოფს და პროვოკაციულს უწოდებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის შეხვედრების კოორდინატორი, კოტე ბერიძიშვილი.
„დაშინების პოლიტიკა ჩვენი მიზანი არ არის, ერთი მარტივი მიზეზის გამო, სხვა პარტიისგან და კანდიდატისგან განსხვავებით, დარწმუნებული ვართ, უდავო გამარჯვებაში. ეს პროვოკაციული გამოხტომები ჭირდებათ პატარ-პატარა პარტიებს, რომ დაჩაგრულის მანტია მოისხან და ნულზე დაცემული რეიტინგი გაამყარონ. თუ ასეთ ფაქტებს ვინმე მოიძიებს, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენ თვითონაც ხელის არავის დავაფარებთ და ის პიროვნება მკაცრად დაისჯება. დაშინების პოლიტიკა სამუდამოდ უნდა მოისპოს. რაც შეეხება ლია გოლეთიანს, ის რიგითი სპეციალისტია. მას არანაირი კომპეტენცია და ბერკეტი არ გააჩნია ვინმეს გათავისუფლებაზე ან დანიშვნაზე ელაპარაკოს. თუკი მართლა არსებობს ასეთი ფაქტები და მოსახლეობა დაადასტურებს, ჩვენ თვითონ მოვითხოვთ რომ მთელი სიმკაცრით დაისაჯოს, მაგრამ ვიცი, რომ ეს ტყუილია.“- აღნიშნა მან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია გერგიძე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ დაშინების მეთოდით არ მუშაობს.
„რომელმა პარტიამაც ეს გითხრათ, გარშემო ისეთი ხალხი ჰყავს შემოკრებილი, რომ მათგან ასეთი რამ გასაკვირი არ არის. ზოგადად ტყუილი ძალიან უყვართ. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილებაც მრჩება, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან ჩახუტებულები. მათ ერთნაირი მეთოდები აქვთ, ერთნაირი ცილისწამებები, რაღაცის შექმნა, აქეთ დაბრალება და ა.შ. შეტანილი აქვთ საჩივრები უწყებათაშორის კომისიებში, მირეკავენ, რომ თურმე მე ზეწოლას ვახორციელებ დამოუკიდებელ მაჟორიტარზე. მე ისიც არ ვიცი, ეს პირადი ნომრები როგორ უნდა გამოვიყენო, ეს არის სასაცილო. უბრალოდ, რაში სჭირდებათ, არ ვიცი. მჯერა, ხალხი თვითონ მივიდა იმ შეგნებამდე, რომ გაარჩიოს ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ასე რომ, ეს მეთოდები არ სჭირდებათ, თუ ვინმეს უნდა მაგათი არჩევა, ისედაც აირჩევს.“

სოფელ ვაჩნაძიანის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტს, ლია გოლეთიანსაც დავუკავშირდით.
„ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ერთი ადამიანი მაინც მომიყვანონ, ვინც ამას დაადასტურებს. როცა სამსახურს ვიწყებდი, ვიცოდი, რისი უფლება მაქვს და რისი - არა. აქ საქმე სხვანაირად იყო. როდესაც უბანში მიდიოდნენ, ხალხს ეუბნებოდნენ, რომ „ქართული ოცნებიდან“ იყვნენ. თუმცა, რამდენიმე ადამიანმა ამის თაობაზე მკითხა და სიმართლე ავუხსენი. ეტყობა, ნათია ამის გამოა გამწარებული. უბრალოდ, სირცხვილია, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი, ეხლა დადის და მის წინააღმდეგ მუშაობს. სოფელში იკითხეთ, როგორი ავტორიტეტი მაქვს და რის გამკეთებელი ვარ. შემიძლია საჩივარი შევიტანო მაგათ წინააღმდეგ, მაგრამ არ ვიკადრებ,“-აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ლია გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ზეწოლაში ადანაშაულებენ. მსგავსი განცხადება რამდენიმე დღის წინ პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხაზიურმაც გააკეთა. თუმცა, აღნიშნული ფაქტი „ქართულ ოცნებაში“ უარყვეს.



| Print |
FaceBook Twitter Google