არჩევნები 2016
"ფოტო გაზიარებულია მისი მეუღლის მიერ“- საოლქომ გურჯაანის პოლიციის უფროსი გაამართლა
გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
საია-მ საოლქოს ოფიციალურად 1 სექტემბერს მიმართა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მოსულიშვილმა ( ამჟამად სამმართველოს უფროსია) ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა „ქართული ოცნების“ გურჯაანის დეპუტატობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი ფოტო.

ვინაიდან ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო აგიტაცია საარჩევნო კოდექსით აკრძალული აქვთ, არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქმის წარმოების დაწყებას და შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებას.

შოთა მოსულიშვილმა საოლქო კომისიას წერილობით აცნობა, რომ მისი "ფეისბუქით" სარგებლობს მისი მეუღლე ეკატერინე მოსულიშვილი და აღნიშნული მასალა სწორედ მან გააზიარა. შოთა მოსულიშვილის განმარტებით, ფოტო მისმა მეუღლემ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის სააგიტაციოდ გააზიარა, არამედ იმის გამო, რომ ფოტოზე დეპუტატობის კანდიდატთან ერთად მისი მცირეწლოვანი შვილები არიან.

საბოლოოდ, საოლქო კომისიამ დაასკვნა, რომ შოთა მოსულიშვილს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგანაც ფოტოს არ ერთვის რაიმე კომენტარი ან მოწოდება დავით სონღულაშვილის მხარდასაჭერად. მათი განმარტებით, გარდა ამისა, ფოტო გაზიარებულია მისი მეუღლის მიერ.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა.

ამავე კოდექსისის 79-ე მუხლის თანახმად წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. საიას აღნიშნული საჩივარი განხილვის პროცესშია.
| Print |
FaceBook Twitter Google