არჩევნები 2016
უკანონო აგიტაციის შესაძლო ფაქტები კახეთში

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მოსულიშვილმა, “ფეისბუქის” პირად გვერდზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, დავით სონღულაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გააზიარა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კახეთის რეგიონალური კოორდინატორის ზურა მირზიკაშვილის თქმით, შოთა მოსულიშვილმა აღნიშნული ქმედებით სააჩევნო კოდექსი დაარღვია.

– „საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პროკურატურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, აკრძალული აქვთ წინასაარჩევნო პროცესებში მონაწილეობა. რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან მაჟორიტარობის კანდიდატის მხადრამჭერი ან/და საწინააღმდეგო შინაარსიის შემცველი განცხადებების საჯაროდ დაფიქსირება შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც აგიტაცია. ძალოვან უწყებაში მომუშავე თანამშრომლების მიერ სოციალური მედიით ისეთი სახის მასალის გავრცელება, რომელიც შეიცავს მოწოდებას, პოლიტიკურ პროცესში ჩართული სუბიექტის მხარდამჭერ, ან საწინააღმდეგო განცხადებას, კანონის დარღვევაა. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება სამუშაო საათებში, თუ მას მერე. მათ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის უფლება არ აქვთ“.

speqtri.ge-ს მიერ მომზადებული მასალის საფუძველზე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. საია ითხოვდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქმის წარმოების დაწყებასა და შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებას.

შოთა მოსულიშვილმა საოლქო კომისიას წერილობით აცნობა, რომ აღნიშნული “ფეისბუქით” სარგებლობს მისი მეუღლე, ეკატერინე მოსულიშვილი და მასალა სწორედ მან გააზიარა. მისივე განმარტებით, ფოტო მისმა მეუღლემ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის სააგიტაციოდ გააზიარა, არამედ იმის გამო, რომ დეპუტატობის კანდიდატთან ერთად მისი მცირეწლოვანი შვილები არიან.
საბოლოოდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასკვნა, რომ შოთა მოსულიშვილს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგანაც ფოტოს არ ერთვის რაიმე კომენტარი ან მოწოდება დავით სონღულაშვილის მხარდასაჭერად.

წინასაარჩევნო კამპაანის ფარგლებში “ქართული ოცნების“ გურჯაანის დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ქართულ- ფრანგულ დიაგნოსტიკურ ცენტრ, ,,კახეთი- იონს“ ეწვია და მედპერსონალთან ერთად ცენტრის განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო. როგორც შეხვედრაზე “კახეთი-იონის” პრეზიდენტმა ერიკ ჟანტიმ განაცხადა, დავით სონღულაშვილს 15 წელია იცნობს.

“ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ჭკვიანი და წარმატებული. ყოველთვის დაინტერესებული იყო თავისი რაიონის განვითარებით და ვფიქრობ, არაჩვეულებრივი კანდიდატია. მინდა გითხრათ, რომ დავითმა უკვე დაიწყო ზრუნვა თავისი რაიონის მოსახლეობისათვის. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა საუბარი C ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მალე კახეთის რეგიონიც ჩაებას ამ პროგრამაში. ჩვენ დავითის დახმარებით, შეხვედრები გავმართეთ ჯანდაცვის სამინისტროში და ძალიან მალე, კახეთის მოსახლეობას შეეძლება ჩვენს კლინიკაში C ჰეპატიტისგან მკურნალობა,“- ვკითხულობთ დავით სონღულაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვედზე.

საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორის, ირმა პავლიაშვილის განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საარჩევნო კოდექსის დარღვევას.

„თუ ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და მონაწილეობს აგიტაციაში, ეს საარჩევნო კოდექსით აკრძალული ქმედებაა. შესაძლოა, ეს აგიტაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების საფუძველი გახდეს. უკანონო აგიტაციის განხორციელებისთვის, ჩვენი კანონმდებლობით 2 000 ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული“.

„კახეთი-იონში“ კი განმარტავენ, რომ ერიკ ჟანტის მხრიდან აგიტაციას ადგილი არ ჰქონია.

„უბრალოდ, ბატონმა დავით სონღულაშვილმა, გამოხატა მზადყოფნა, ნებისმიერ საკითხში გვერდში დაუდგეს. „კახეთი–იონს“. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ორგანიზაციის გვერდითაც ასევე იქნება. რაც შეეხება C ჰეპატიტის პროგრამას, ის არ ხორციელდება და არც იგეგმება რომელიმე ადამიანის სურვილით, ეს არის სახელწმიფო პროგრამა, რომელსაც მონიტორინგს და ზედამხედველობას უწევს ჯანდაცვის სამინისტრო. თუკი დახმარება საჭირო იქნება, შეგვიძლია მივმართოთ როგორც ბატონ დავითს, ასევე ნებისმიერ პირს, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა შეეძლება. ჩვენ ამაში შეზღუდულები არ ვართ, თანადგომას ყველასგან მივიღებთ “-აღნიშნა „კახეთი-იონის“ ფინანსურ-ადმინისტრაციულმა დირექტორმა თამარ ცანკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ თელავისა და ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„მე მინდა გიორგი ბოტკოველს, ჩვენს ბოტკოს დავუჭირო მხარი თელავის მაჟორიტარ კანდიდატად პარლამენტში გასასვლელად. მე ძალიან მინდა, რომ გიორგი ბოტკოველს ჩვენ ყველამ ერთად დავუჭიროთ მხარი იმიტომ, რომ ის არ არის რაღაცა გასტროლიორი. ის არის ერთ-ერთი თქვენთაგანი. ის არის თქვენიანი და ჩემიანი. ის არის საქართველოს პატრიოტი და კახეთის მოამაგე. მე მაქვს თქვენი იმედი და თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი“, –ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორის, ირმა პავლიაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა საარჩევნო კოდექსის მიხედვით აკრძალული აქვს.
„პირველად რომ გაავრცელა ვიდეომიმართვა, ამაზე საჩივარი შევიტანეთ. თუმცა არ დააკმაყოფილა არც საარჩევნო ადმინისტრაციამ და არც სასამართლომ. მათ განმარტეს, რომ დარღვევა საქართველოს ტერიტორიაზე არ არის ჩადენილი“.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45 მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:
ა) საარჩევნო კომისიის წევრისა; ბ) მოსამართლისა; გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა; დ) გენერალური აუდიტორისა; ე) საქართველოს სახალხო დამცველისა; ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა; ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.
ამავე კოდექსისის 79-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით გამოიწვევს პირის დაჯარიმებას- 2 000 ლარის ოდენობით.
მიმდინარე წელს წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონო მონაწილების შესაძლო რამდენიმე ფაქტზე, ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიას „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამჯერ მიმართა, სამივე საჩივარი განხილვის პროცესშია. საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შეიტანა. ერთზე მოკვლევა სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო შეწყდა, ერთს კი, საარჩევნო ადმინისტრაცია ამ დრომდე განიხილავს.



| Print |
FaceBook Twitter Google