არჩევნები 2016
დავით სონღულაშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტს ახალი ინიციატივები სჭირდება
აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი. მან მორიგი შეხვედრები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან, შშმ პირებთან და სოფელ ძირკოკის მოსახლეობასთან გამართა.

დავით სონღულაშვილი მუკუზნის ღვინის ქარხანას „მარანულს“ ესტუმრა და დაათვალიერა. გაეცნო ქარხნის სამომავლო გეგმებს და მათი ღვინოები დააგემოვნა. ქარხანა იაფი კრედიტის დახმარებით გაფართოვდა და აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიით. მთელი წლის განმავლობაში 1 000 000 ბოთლი ღვინო იწარმოება, რომელიც ექსპორტზე დაახლოებით 15 ქევყანაში გადის, რაც პროდუქციის 80%-ია. „მარანულის“ ღვინოებმა წელს ესპანეთში ოქროს და ვერცხლის მედლები მიიღეს. ქარხანას მინიჭებული აქვს ISO 22000 ხარისხის სერტიფიკატი და მომავალში გეგმავს გახსნას პროფესიული სასწავლებელი, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს შეასწავლიან მეღვინეობას, მევენახეობას და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დარგებს.

დავით სონღულაშვილი სოფელ ველისციხეში ავეჯის საამქროში იმყოფებოდა. მან ადგილზე დაათვალიერა წარმოების პროცესი და სამომავლო გეგმებს გაეცნო. ველისციხის ავეჯის საამქრო ამ დროისათვის 2 მაღაზიას ფლობს და დაახლოებით 50 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. საამქრო მომავალში გაფართოებას გეგმავს და აპირებს ისარგებლოს სახლემწიფოს სხვადასხვა პროექტით.

დეპუტატობის კანდიდატმა, გურჯაანში არსებულ კოოპერატივ „გილეს“ მიერ დაფუძნებული მაყვლისა და ჩირის საწარმო მოინახულა. საწარმო USAID-ის გრანტის დახმარებით შეიქმნა და მისი მიზანია, რეგიონი მაყვლისა და ჩირის წარმოების ცენტრი გახდეს. ამ ეტაპზე საწარმო მხოლოდ ჩირს აწარმოებს, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილია სამაცივრე დანადგარების შეძენა, კენკროვანი ხილის წარმოების განსავითარებლად. კოოპერატივის დირექტორის იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მაყვალი 4 ჰა მიწის ტერიტორიაზე მოჰყავთ. ვინაიდან ბაზარზე მაყვლის დიდი მოთხოვნაა, ისინი გაფართოებას აპირებენ. მათ იაფი კრედიტი აიღეს 5 წლის ვადით, რომლითაც საჭირო ტექნიკის ყიდვაა დაგეგმილი.

-„გურჯაანის მუნიციპალიტეტს ჭირდება ახალი ხედვები და ინიციატივები. ეს საწარმო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეუზღუდავია ბიზნესის სფერო. მე გპირდებით, რომ მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს ამ დარგის განვითარებასა და იდეის, როგორც გურჯაანის ჩირის წარმოების ცენტრად გადაქცევის განხორციელებაში. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო და დაუღალავად ვიშრომოთ ამისთვის“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დავით სონღულაშვილი სოფელ კარდენახში ინკლუზიური განათლების ცენტრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ცენტრში 15 შშმ პირი სწავლობს სოფლებიდან: ბაკურციხე, კარდენახი და ვეჯინი. აქ მათ შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ სხვადასხვა ხელსაქმე. დღეის მდგომარეობით გურჯაანის მუნიციპალიტეტში 175 შშმ პირი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობასაც საზოგადოებაში ინტეგრაცია უჭირს.

ბოლო შეხვედრა დავით სონღულაშვილმა მშობლიური სოფლის, ძირკოკის მოსახლეობასთან გამართა. მან საარჩევნო პროგრამა წარუდგინა ადგილობრივებს და მათი პრობლემები მოისმინა. ძირკოკელების მთავარი პრობლემა დაზიანებული შიდასაუბნო გზები, მოძველებული ელექტრო გადამცემი ბოძები და საბავშვო ბაღამდე სპეციალური ტრანსპორტის არ არსებობაა.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google