არჩევნები 2016
"ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ეს ადამიანები „ქართულ ოცნებას“- ზვიად ყვირალაშვილი
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ზვიად ყვირალაშვილი მათი პარტიის რამდენიმე წევრის „ქართულ ოცნებაში“ გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
როგორც მან speqtri.ge-ს განუმარტა, ამ ადამიანებმა პარტია არა ახლა, არამედ ჯერ კიდევ ორი თვის წინ ზეწოლის შედეგად დატოვეს.

-„მე ვთხოვე მათ, რომ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიეღოთ, თუ არადა რამდენიმე მათგანი მე თვითონ უნდა გამერიცხა. ამის მეუხერხულებოდა ურთიერთობები მაკავშირებდა და ვთხოვე, გადაწყვეტილება თავად მიეღოთ. „ქართულ ოცნებას“ სურს, ამით შექმნას იმიჯი, რომ თითქოს სხვა პარტიები იშლებიან და „ოცნება“ ერთადერთი და შეუცვლელია. მათ უნდათ ტირაჟირება, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო ორპოლუსიანია, მხოლოდ „ოცნება“ და „ნაციონალები“. ეგ რვავე ადამიანი საჯარო სამსახურშია დასაქმებული. დააშანტაჟეს, დააშინეს, უთხრეს, რომ თუ „რესპუბლიკელებს“ არ დატოვებდნენ, სამსახურებს დაკარგავდნენ. მათ შემდეგ კიდევ სხვა ადამიანების დაშინება დაიწყეს. ამ ყველაფერს სათავეში უდგას ქართული ოცნების“ პარტიული ელექტორატი. მანდ არიან პორტირებული „ნაციონალები“, ვინც ამას ახორციელებდა წინა ხელისუფლების დროსაც, ახლა ამათ ასწავლიან. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ეს ადამიანები „ქართულ ოცნებას“. ეგ პარტია მაგნიტივით იზიდავს მარაზმებს, რაც ბუმერანგივით შემოუბრუნდებათ უკან.“

ზვიად ყვირალაშვილის ბრალდებას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“ და აცხადებენ, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არა რვა, არამედ 25-მდე წევრმა დატოვა.

„ნამდვილად არ ვიცი ვინც „რესპუბლიკელებიდან“ ჩვენთან გადმოვიდა ყველა საჯარო სამსახურშია დასაქმებული თუ არა. ამისთვის ყურადღება არც მიგვიქცევია. ჯამში სულ რაღაც 20-25 ადამიანია და არაფერი გვჭირს სამაგისო დავაშანტაჟოთ, რადგან პირველივე ტურში საკმაოდ შთამბეჭდავი გამარჯვება უკვე განპირობებულია. ამას ხვდება ყვირალაშვილიც და სხვა დანაჩენი ოპონენენტებიც. ზეწოლა გამორიცხულია და აბსოლუტური ტყუილია. ეს მათი სურვილი იყო და არც უარის თქმა შეგვეძლო.“- აღნიშნა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის შეხვედრების კოორდინატორმა კოტე ბერიძიშვილმა.

ყოფილი „რესპუბლიკელის“ დავით მურაკაშვილის თქმით, მათთვის „რესპუბლიკური პარტიის" მიერ აღებული კურსი მიუღებელია და გადაწყვეტილება ამიტომ მიიღეს. speqtri.ge-ს კითხვაზე, თუკი პარტია ორი თვის წინ დატოვეს, მხოლოდ ახლა რატომ განაცხადეს ამის შესახებ, გვპასუხობს: -“საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართულები, არ გვეცალა და ახლა იმიტომ გავაკეთეთ განცხადება.“

გუშინ „ქართული ოცნების“ შტაბში „რესპუბლიკელების“ რამდენიმე წევრმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.როგორც ცნობილი გახდა, ისინი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google