არჩევნები 2017
ცხვარი თელავის მერობის ახალი კანდიდატია [Video]
ჟურნალისტმა მაკა მოსიაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილმა სპეციალისტმა არჩილ მჭედლიშვილმა, დღეს თელავისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება გააპროტესტეს და თელავის მერობის კანდიდატად ცხვარი "წარადგინეს."
ამის ამსახველი ვიდეოკადრები მათ სოციალურ ქსელ facebook-ში გაავრცელეს.

“ვითარება არის ასეთი – თვითმმართველობა რეალურად არ გვაქვს და ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ კარგა ხანი არ გვექნება. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ არ აქვს მაინცა და მაინც მნიშვნელობა, ვინ იქნება თელავში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, იმიტომ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას უყურებს, როგორც ცხვარს. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რიგი წარმომადგენლები ამ ხედვას ამართლებენ და მართლაც ცხვრებივით იქცევიან. ამის ნათელი მაგალითია თელავის, როგორც თვითმმართველი ქალაქის გაუქმება. ჩვენ ყველას გვახსოვს ვითარება, როცა საკრებულოს ორი კვირით ადრე გადაწყვეტილების მიღებამდე წერილი უნდა გაეგზავნა ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რომ შეენარჩუნებინათ თვითმმართველი ქალაქი თელავი, მაგრამ ორი კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაინც მხარი დაუჭირეს”, – აცხადებენ აქტივისტები.

ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ, თუ უნდათ, ისევ ცხვარს მისცენ ხმა, ბიულეტენზე მიაწერონ ცხვარი და ასე შემოხაზონ.

| Print |
FaceBook Twitter Google