არჩევნები 2017
6 საჩივარი კახეთის საოლქო კომისიებში
კახეთის 8 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 6 საჩივარი დაიწერა. მათგან 2 საჩივარი შევიდა ლაგოდეხის საოლქო კომისიაში. თავმჯდომარე, მარიკა გიორგაძის თქმით, ორივე პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.

„35-ე უზუნთალას უბანზე ამომრჩეველმა გაიარა მარკირება, ხელი მოაწერა და არჩევანიც დააფიქსირა, თუმცა, მოგვიანებით ის ჟურნალისტებთან ერთად მივიდა უბანზე და განაცხადა, რომ ხელი ჩემს მაგივრად სხვამ მოაწერა და მე ხმა არ მიმიციაო. აშკარად პროვოკაციას გეგმავდა, რასაც მთელი კომისია ადასტურებს“.

თელავის საოლქო კომისიაში ევროპულმა საქართველომ დაწერა საჩივარი, რომელიც თავმჯდომარე, გიორგი კალმახელიძის თქმით, პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. კერძოდ, საჩივარში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი უბანთან ახლოს ეწეოდა აგიტაციას.

ერთი საჩივარი დაიწერა, ასევე, ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გამგებლობის კანდიდატი იმყოფებოდა, რისი უფლებაც, მას კანონის მიხედვით, არ აქვს.

ასევე, ენმ-მ დაწერა საჩივარი დედოფლისწყაროს საოლქო კომისიაშიც. მასში ნათქვამია, რომ ამომრჩეველმა პროცედურების დარღვევით, კაბინის გარეთ დააფიქსირა თავისი არჩევანი.

ერთი საჩივარი შევიდა საგარეჯოს საოლქო კომისიაშიც, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა შეადგინა.
როგორც კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ მღებრიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საჩივარი პროცედურულ დარღვევებს ეხება, თუმცა მისი შინაარსი არ არის სათანადოდ ჩამოყალიბებული.

რაც შეეხება სიღნაღისა და ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიებს, არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.
| Print |
FaceBook Twitter Google