გურჯაანის საბავშვო ბაღებიდან სკოლაში 617 ბავშვი შევა
დღეს, 5 ივნისს გურჯაანის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი დასრულდა. როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო, ბოლო თვეების განმავლობაში ბავშვები ბაღში არ დადიოდნენ, პროცესი დისტანციურად მაინც წარიმართა.

„ ეს წელი უჩვეულო იყო დედამიწის ყველა მცხოვრებლისთვის და გამონაკლისი ვერც ჩვენ აღმოვჩნდით. კორონავირუსის პამდემიამ შეაჩერა ყველაფერი, თუმცა საერთო ძალისხმევით სააღმზრდელო პროცესი დისტანციურად მაინც წარიმართა და მეტ-ნაკლებად დაძლეული იქნა ის პროგრამა, რომელიც ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში დგება.“

გაერთიანების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი განსაკუთრებით ზრუნავდნენ სასკოლო მზაობის აღსაზრდელებზე, რომ დისტანციურად, შეძლებისდაგვარად აეთვისებინათ ის უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია სკოლაში მისვლის წინ.

„რა თქმა უნდა, ეს პროცესი უხარვეზო ვერ იქნებოდა, მაგრამ ვთვლით, რომ სააღმზრდელო წელი შედგა! წელს 617 აღსაზრდელი დატოვებს ჩვენს საბავშვო ბაგა-ბაღებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე - სკოლაში გადაინაცვლებს. ეს პროცესიც უხმაუროდ, საგაზაფხულო აქტივობების გარეშე მოხდება.“ - განმარტავენ გაერთიანებაში.


შეგახსენებთ, რომ გურჯაანის საბავშვო ბაღებში, ისევე როგორც კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში, სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გამო კი, სკოლების მსგავსად ბაღებიც დისტანციურ მეცადინეობაზე გადავიდა. სხვადასხვა აქტივობებში ბავშვები პედაგოგებისა და მშობლების დახმარებით ერთვებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google