საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებისთვის კონკურსი გამოაცხადა
საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა ორ ნომინაციაში: პროზაული ნაწარმოების ქართული თარგმანისათვის და სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისათვის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს.

მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარადგინონ საბუთები და საკონკურსო თარგმანი. საკონკურსო ნაშრომის წარდგენისას ამავე ნაწარმოების ქართული თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა მთარგმნელის მიერ.

კონკურსი გამოცხადდა 2021 წლის 29 დეკემბერს.საკონკურსო თარგმანების, მათი ორიგინალების და საბუთების უნივერსიტეტის კანცელარიაში წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ 2022 წლის 7-დან 18 თებერვლის ჩათვლით. გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 23 აპრილს ორბელიანების სასახლეში.

| Print |
FaceBook Twitter Google