აქციის მონაწილეები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აღნიშნული გეგმა ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ, სიტყვით გამოსვლისას, გააჟღერა.

"გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა, ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, მშვიდად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. უპირველეს ყოვლისა, გვინდა, გთხოვოთ, ხელის აწევით მოგვცეთ უფლება და მანდატი, წარვუძღვეთ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას. დიდი მადლობა", - მიმართა მან მომიტინგეებს და მოუწოდა მათ, არ აყვნენ არანაირ პროვოკაციას.

ცოტახნით ადრე, აქციის მონაწილეებმა მმართველ პარტიას 22:30-მდე ერთი საათის ვადა მისცეს, რათა რუსული კანონი გაეწვიათ.

"ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან?! დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, ერთი წლის წინ“, - თქვა რატი ამაღლობელმა, აქციის წამყვანმა სიტყვით გამოსვლისას.

| Print |
FaceBook Twitter Google