სამართალი
"ნაცემი შემიყვანეს პოლიციის სამზარეულოში, სადაც გიორგი კლიმიაშვილიც იყო“
გურჯაანის რიაონულ სასამართლოში პოლიციელის ცემაში ბრალდებული, 19 წლის გიორგი მოლაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამრთლო მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა. მოწმის სახით დაიკითხნენ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ალექსი ნიკოლოზიშვილი, გიორგი გუგულაშვილი, პაატა დავითელაშვილი, ვახტანგ გუგულაშვილი და ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის უმცროსი ინსპექტორი იოსებ მაისურაძე.

ყვარლის რაიონული სამმართველოს ოპერატიული მორიგის ალექსი ნიკოლოზიშვილის ჩვენება- " სამორიგეო ნაწილში ხმაური გავიგე, თანამშრომლის ძახილი შემომესმა, რომელიც ყვიროდა „მორიგე, მიშველეო.“ მე და გიორგი გუგულაშვილი (იმ დროსითვის დაცვის პოლიციის თანამშრომელი, ახლა კი კრიმინალურ პოლიციაშია-ავტ.) ავედით მეორე სართულზე. იატაკზე ძიძგილაობდნენ გიორგი მოლაშვილი და ვახტანგ მარკოზაშვილი (დაზარალებულად ცნობილი უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ავტ.) მოლაშვილი მას ხელებს ურტყავდა. დაბლა ეგდო მონიტორი, საქაღალდე, ვახტანგს დახეული ჰქონდა სამსახურებრივი მაისური. მოლაშვილი იგინებოდა პოლიციის მისამართით. სამივემ ერთობლივად მივიღეთ ზომები და დავაკავეთ. შემდეგ ისევ ჩემს ადგილას, სამორიგეოში დავბრუნდი.“

საქმეში დევს ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის უმცროსი ინსპექტორის იოსებ მაისურაძის ჩვენება. სადაც ის ამბობს, რომ გიორგი მოლაშვილს სახეზე სიწითლე აღენიშნებოდა. ბრალდებულმა უთხრა, რომ დაზიანება დაკავებისას პოლიციელმა მიაყენა.

გიორგი მოლაშვილის განცხადებით, ინცინდენტის ღამეს, ნაცემ მდგომარეობაში მყოფილი პოლიციის სამზარეულოშიც შეიყვანეს, სადაც კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი კლიმიაშვილიც იმყოფებოდა, რომელიც მას სახალხო დამცველის წარმომადგენლად გაეცნო. მან დეტალურად აღწერა კიდევ ვინ იმყოფებოდა სამზარეულოში.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ განმარტა, რომ სასამართლოს უფლება აქვს ორ თვეში ერთხელ მოახდინოს რევიზია პატიმრობის შეცვლის შესახებ. პროკურორმა გიორგი მოლაშვილის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, იმ არგუმენტით რომ ის მძიმე დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული. ადვოკატმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ მისი დაცვის ქვეშ 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ. მისი თქმით, გიორგი მოლაშვილს პატიმრობა თავიდანვე არასწორად შეეფარდა. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.

19 წლის გიორგი მოლაშვილი სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ყვარელში დააკავეს. მას ბრალი 353- ე პრიმა (პოლიციელზე თავდასხმა) და 273-ე მუხლით( პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) აქვს წაყენებული. თუმც ის აცხადებს, რომ სამმართველოს შენობაში მას ფიზიკურად თავადვე გაუსწორდნენ.

ამავე თემაზე:
"წაქცეულსაც ჩამარტყა“- ყვარლის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის ჩვენება

აქცია ყვარლის პოლიციასთან - "გაათავისუფლეთ გიორგი მოლაშვილი"

რა მოხდა ყვარლის პოლიციაში- შსს-ს პირველი განმარტება
| Print |
FaceBook Twitter Google