სამართალი
პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მან ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი იყენებს საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას, რომელიც, მისივე თქმით, არ საჭიროებს არანაირ ახსნა-განმარტებას.

"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამარტლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს.

მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ვთქვი ევროპარლამენტში, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას თუ არ იზამთ ის მოხდება და იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა პატრიარქ ილია მეორესთან ამ საკითხთან მიმართებით ნებისმიერი სახის კომუნიკაცია გამორიცხა, რადგან ეს საკითხი მასთან [პატრიარქთან] დაკავშირებული არ არის.

მისივე განცხადებით, მომავალ კვირას გაიმართება მასშტაბური პრესკონფერენცია, რომელზეც ყველა საკითხის განხილვა იქნება შესაძლებელი, მათ შორის, ეროვნული ბანკისაც.



შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

| Print |
FaceBook Twitter Google