Error
საზოგადოება
როდის გადაიჭრება ნაგავსაყრელის პრობლემა იორმუღანლოში
იორმუღანლოს თემი საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან 37 კილომეტრითაა დაშორებული. მასში 6 სოფელი შედის და 25 ათასამდე მცხოვრებია. თემში არც სანაგვე კონტეინერები დგას და როგორც ადგილობრივები ამბობენ, არც ნაგვის მანქანა დადის. ამის გამო იძულებულები არიან, საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხევში ჩაყარონ. თულარიდან კაზლარამდე მიმავალ გზაზე ტომრებით გადაყრილი ნაგვის გროვები დგას. კაზლარის მკვიდრის რიზამ მამედოვის თქმით, მინდორში ნარჩენებს სხვა სოფლის მაცხოვრებლებიც ყრიან.
"მთელი მოსახლეობა ნაგავს აქ ეზიდება. პირადად მე, მანქანით სოფლის ბოლოს მიმაქვს. სხვა გზა არ გვაქვს!"

დაბინძურებულია სოფელ ლამბალოს ხევიც. როგორც ნოვრუზ რაშიდოვი ამბობს, ამის გამო ზაფხულში გაუსაძლისი სუნი, მღრღნელები და მწერები აწუხებთ.
"ნაგავს ყველა ხევში ყრის. შეგიძლიათ თავადაც ნახოთ. ნარჩენებს შინაური ფრინველი და საქონელი ჭამს, მაგრამ რა ვქნათ, მანქანა არ დადის და ეზოში ხომ არ დავაგროვებთ?!"
ლამბალოს მკვიდრი ასან აბდულაევი დარწმუნებულია, რომ თუკი სოფელში სანაგვე მანქანა ივლის, მოსახლეობა მომსახურების თანხას უპრობლემოდ გადაიხდის.
"პატრონი არ გვყავს და ეს იმიტომ ხდება. დაგვინიშნონ ერთი მანქანა, რომ კვირაში ორჯერ მაინც გაიტანოს ნარჩენები. გადასახადი რომ დააწესონ, თუნდაც ოჯახზე 2 ლარი, ვინ არ გადაიხდის? ჩემთან უბანში 50 ოჯახი ცხოვრობს და იმათზე მე თვითონ ვარ პასუხისმგებელი. ვისაც ტრანსპორტი აქვს, ნაგავი ივრის ნაპირებზე მიაქვს. დაჯარიმების შემთხვევებიც იყო, მაგრამ ხალხი იგივეს იმეორებს, აბა, რა ქნას? ამხელა თემია, 25 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ეს პრობლემა არ უნდა გვქონდეს!"

საქართველოში დღეისათვის 63 კანონიერი ნაგავსაყრელია, თუმცა, ევროპულ სტანდარტებს არც ერთი არ აკმაყოფილებს.
ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, ნაგავსაყრელი ისე უნდა იყოს აშენებული, რომ მოსახლეობას ზიანი არ მიადგეს. ნაგავსაყრელსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არ იყოს სუნი, ხმაური და მტვერი. ნარჩენები ყოველდღიურად უნდა იფარებოდეს მიწით. აუცილებელია მათი დაცალკევება. მყარი ნარჩენების პოლიგონი აღჭურვილი უნდა იყოს წყალგაუმტარი ფსკერით, სადრენაჟე და ნაჟური წყლების გასაფილტრი სისტემით, მწერებისა და ჩიტების დასაფრთხობი მოწყობილობით. საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სადეზინფექციო უბანი და ნარჩენების გადამუშავების და უტილიზაციის თანამედროვე სისტემა.

ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში გაწერილია შემდეგი აქტივობები:
1. "ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვის და შემდგომი მოვლის შესახებ~ კანონქვემდებარე აქტის შემუშავება და მთავრობისთვის წარდგენა;
2. არსებული ნაგავსაყრელების შესაბამისობის გეგმის შემუშავება;
3. ტექნიკური დახმარების მოპოვება შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით;
4. საერთაშორისო დაფინანსების მოძიება ნაგავსაყრელების მონიტორინგის სისტემის შექმნისათვის;
5. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა (შესაბამისი გადასატანი ხელსაწყოებითა და სტაციონალური ლაბორატორიით აღჭურვა.) და სხვ.
ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა შემდეგ უწყებებს ეკისრება: გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასქტრუტურის სამინისტრო და შპს `საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია."


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში გაწერილი პუნქტით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შემუშავდა, რომელიც მთავრობამ გასული წლის აგვისტოში დაამტკიცა. როგორც სტრუქტურაში განმარტეს, გარემოს დაცვის სამინისტრო არის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო. მათი ვალდებულება საკანონმდელო კუთხით მუშაობაა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პუნქტი შესრულებულია. ამის შემდეგ კი ნაგავსაყრელების ოპერირება და მოვლა მყარი ნარჩენების სააგენტოს ვალდებულებაა.

ჩვენთან საუბარში შპს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორის მრჩეველმა ხათუნა ჩიკვილაძემ განაცხადა, რომ ნაგავსაყრელი, რომელიც ევროსტანდარტების დონეს უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოში ჯერ არ არის.
"ჩვენს კომპანიას ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ნაგავსაყრელი ეკუთვნის. პრაქტიკულად, ბევრი მოვაწესრიგეთ კიდეც. ეს მოწესრიგება მანამდე მოვასწარით, სანამ ასოცირების ხელშეკრულების პირობები ამოქმედდებოდა. ახლა უნდა წარვადგინოთ გარემოს დაცვის სამინისტროში და მოვითხოვოთ, რომ ნაგავსაყრელებმა მაქსიმუმ 8 წელიწადი იფუნქციონიროს ამ დროისთვის არსებული ფორმით. ამის შემდეგ ყველა ნაგავსაყრელი, რომელსაც არ ექნება გარემოს ზედამხედველობის ნებართვა, დაიხურება. ეტაპობრივად გადავალთ რეგიონულ მოწყობაზე. ამჟამად, ასეთ ნაგავსაყრელს უკვე ვაშენებთ ქვემო ქართლსა და ქუთაისში. დაიწყო წინასწარი კვლევა კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. კვლევის საფუძველზე, მოხდება ადგილების შერჩევა რეგიონული ნაგავსაყრელისთვის. ამის შემდეგ კი გამოიყოფა თანხა."
მისივე თქმით, იორმუღანლოს თემის სოფლებში არსებული პრობლემის მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა.

"მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს ამ ტერიტორიების დასუფთავება და მოსახლეობის დაჯარიმებაც. თუმცა, მოსახლეობას ვერ დააჯარიმებ, თუ არ მიაწვდი სერვისს: არ დაუდგამ კონტეინერებს და არ უზრუნველყოფ ნაგვის გატანას. მაშინ ხალხმა სად წაიღოს? როდესაც ნარჩენები შემოდის ნაგავსაყრელზე, იქიდან იწყება უკვე ჩვენი კომპანიის პასუხისმგებლობა. მანამდე ჩვენ არ ვერევით. რაც შეეხება საგარეჯოში არსებულ ნაგავსაყრელს, კანონიერია, მაგრამ შემდგომში ისიც დაიკეტება. საერთოდ, კახეთში ყველა მოქმედი ნაგავსაყრელი გაუქმდება და ერთ, რეგიონულ ნაგავსაყრელზე გადავა," - აღნიშნა მან.
ხათუნა ჩიკვილაძის განმარტებით, კომპანია საქართველოსა და ევროკავშირის ეროვნულ გეგმაში გაწერილ პუნქტებზე უკვე მუშაობს.
"ერთი ხელსაწყოს შეძენა, რომელიც ნაგავსაყრელებზე მეთანს განსაზღვრავს, დონორების დახმარებით შევძელით. ეს ხელსაწყო საქართველოში არავის აქვს. USAID-ის დახმარებით, მოხერხდა ხელსაწყოს შერჩევა, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა და ცოტა ხანში მოხდება მისი გადმოცემა. რაც შეეხება სტაციონარულ ლაბორატორიას, ძვირადღირებული სიამოვნებაა. ამის შესახებ ჩვენ მოთხოვნა გვაქვს დაყენებული დონორებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან. ამის გამო მონიტორინგს ხელი არ ეშლება, რადგან არსებობს მეორე გზაც. არსებულ ლაბორატორიებთან დაიდება ხელშეკრულება. თუმცა ვიბრძვით, რომ ჩვენი ლაბორატორია გვქონდეს."

იმის გასარკვევად, მომავალში მაინც თუ იგეგმება იორმუღანლოს თემში ამ პრობლემის მოგვარება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დავუკავშირდით. მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის გიორგი ქურდოვანიძის განმარტებით, წელს ამ საკითხის მოგვარება შეუძლებელია.
"ჩვენ, სამწუხაროდ, სოფელ იორმუღანლოს მყარი ნარჩენებისგან მთლად ვერ ვასუფთავებთ. ბიუჯეტის ხარჯით ხშირად ვწმენდავთ დაბინძურებულ ადგილებს, მიგვყავს ტექნიკა. ვაწყობთ შაბათობებს, რომელშიც თანამშრომლებიც არიან ჩართული. რამდენჯერმე გავაფრთხილეთ მოსახლეობა, რომ ნარჩენები ერთ ადგილას დაყარონ, თუმცა უშედეგოდ. წელს გვინდოდა ურნები დაგვედგა, მაგრამ მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხეთ. შარშან სხვა სოფელში დავდგით ურნები, მაგრამ სამწუხაროდ, ეგ არეალი ვერ ავითვისეთ."-აღნიშნა მან.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე უკვე დაიწყეს მუშაობა. 2017 წელს ამისთვის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა. იორმუღანლოს თემში დაიდგმება ურნები და ორ დღეში ერთხელ მათი სპეცტექნიკით გატანაც მოხდება.




სტატიის აზერბაიჯანული ვერსია

SPEKTRI-XÜSUSİ BURAXILIŞ-pdf

| Print |
FaceBook Twitter Google