საზოგადოება
გურჯაანში ცოცხალ ადამიანს პენსია გარდაცვალების მიზეზით შეუწყვიტეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრებ 86 წლის ს.ბ.-ს იმის მტკიცება უწევს, რომ ცოცხალია.
საგარეჯოს საზოგადოებრივი ცენტრის მიერ გაცემული გარდაცვალების ცნობის საფუძველზე, ასაკობრივი პენსია მიმდინარე წლის ივნისში შეუწყვიტეს.

ახლა ქალბატონის ოჯახს  "ლიბერთი ბანკი" წინსწრებით გამოტანილი თანხის დაფარვას სთხოვს, რის შესახებაც მათ წერილიც გაუგზავნა. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ფოსტის წარმომადგენლისგან თავად "გარდაცვლილმა" ქალბატონმა ჩაიბარა.

დახმარების თხოვნით და იმის აღიარებით, რომ ის ცოცხალია, მან რამდენიმე სახელმწიფო უწყებას უკვე მიმართა. ერთ-ერთია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

speqtri.ge-ს აღნიშნულ საკითხზე ვეჯინში გამგებლის წარმომადგენელი კუკური ჯამატაშვილი ესაუბრა.

-"სოფელში სიების დასაზუსტებლად ცესკო-ს წარმომადგენლები იყვნენ მოსულები თბილისიდან. იკითხეს, ცოცხალია თუ არა ს.ბ. ამ სახელით ორი ქალი ცხოვრობს, ასაკიც ემთხვევა, ერთ-ერთი ზუსტად იმ დროს იყო გარდაცვლილი. ვუპასუხეთ, რომ ზუსტად არ ვიცოდით,  უბანი მივასწავლეთ და ვურჩიეთ, ჩასულიყვნენ და თავად გაერკვიათ. როგორც ჩანს, აღარ გადაამოწმეს, მივიდნენ საგარეჯოს საზოგადოებრივ ცენტრში, ჩვენ სიტყვებზე დაყრდნობით, მოწმეებიც მიიყვანეს და გარდაცვალების ცნობა დააწერინეს. ამის შემდეგ საგარეჯოს საზოგადოებრივმა ცენტრმა პირადობის მოწმობაც გაუუქმა.  არ ვიცი, ვინ არიან მოწმეები, ვინც მისი გარდაცვალება დაადასტურა.  ახლა ყველაფერი გარკვეულია და ქალბატონი პენსიას ჩვეულებრივ მიიღებს."

ჩვენ საკითხის გასარკვევად გურჯაანის სოციალური მომსახურების სააგენტოსაც მივმართეთ, თუმცა უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ ზავრაშვილმა უხეში პასუხით გამოგვისტუმრა და კომენტარი არ გააკეთა.

speqtri.ge ამ თემას კვლავ დაუბრუნდება და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
| Print |
FaceBook Twitter Google