საზოგადოება
ვერ მოგცემთ განმარტებას, როგორ შეიძლება ეს პრობლემა აღმოიფხვრას - ზედამხედველობის სამსახური გარევაჭრობაზე
დღეს გურჯაანში გამართულ აქციასთან დაკავშირებით, Speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა და დაინტერესდა, რას აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება გარევაჭრობის პრობლემის მოსაგვარებლად.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე, გია ყვირალაშვილის თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარევაჭრობა რეგულირდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 სექტემბრის ნომერ 51-ე დადგენილებით, რომლის საფუძველზეც მთელ ტერიტორიაზე, გარდა სადღესასწაულო დღეებისა, გარევაჭრობა აკრძალულია. თუმცა, პასუხი კითხვაზე, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს, არ აქვს.


„მე ვერ მოგცემთ განმარტებას, როგორ შეიძლება ეს პრობლემა აღმოიფხვრას. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პარლამენტში მუშავდება პროექტი გარევაჭრობასთან დაკავშირებით და შესაძლოა, კანონმდებლობაში შევიდეს ახალი წესი. ჩვენ ველოდებით ამ გადაწყვეტილებას. ,“ - ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში გია ყვირალაშვილი.

მისივე თქმით, გარევაჭრობას მერია ვერ აკრძალავს და მათი მხრიდან დღეს არავითარი დამატებითი ღონისძიება არ გატარებულა.

„გარევაჭრობას ჩვენ ვერ ავკრძალავთ. კოდექსში წერია, რომ კანონდარღვევაზე რეაგირებას ახდენენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ გარევაჭრობაზე შევადგინოთ ოქმი.

დღეს სამართალდამცავები თავად მივიდნენ აქციის ადგილზე. ჩვენი მხრიდან დამატებითი შეტყობინება არ გაგზავნილა,“ - ამბობს გია ყვირალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, გურჯაანის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ, რომ აიკრძალოს გარევაჭრობა და ყველა შევიდეს ბაზარში.
| Print |
FaceBook Twitter Google