საზოგადოება
კოდისხევის გვირაბში შესვლა უსაფრთხო არ არის - თამაზ მარკოზაშვილი
მას შემდეგ, რაც speqtri.ge-მ „კოდისხევის“ გვირაბის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, უამრავმა მოქალაქემ მოგვმართა და გამოხატა ინტერესი, თუ როგორ შეიძლება ამ გვირაბთან მისვლა და დათვალიერება. სწორედ ამ კითხვით მივმართეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროს სპეციალისტს, თამაზ მარკოზაშვილს, რომელმაც აღნიშნული გვირაბი ჯერ კიდევ 2008 წელს მოინახულა.
მისი თქმით, ეს ტერიტორია შეუსწავლელია, ამიტომ ამ ადგილას შესვლა უსაფრთხო არ არის და დასუფთავებას საჭიროებს.

„მანქანით მისვლა შეუძლებელია, გზიდან დაახლოებით 3კმ.ზეა და საკმაოდ რთული მისადგომია. პირველად ეს ადგილი 2008 წელს აღმოვაჩინეთ. როგორც კი ინფორმაცია მივიღე, მაშინვე წავედი და დავათვალიერე. ეს არის დაახლოებით 15 მეტრი სიგრძის კარსტული წარმოშობის მღვიმე, რომელიც წყლის კოშკს უკავშირდება. ხელოვნურად გვირაბად გადააკეთეს და საჭიროებს გასუფთავებას. შესვლა უსაფრთხო არ არის, იმიტომ, რომ სტალაქტიტები და სტალაგმიტები შეიძლება მოტყდეს,“-ამბობს Speqtri.lge-სთან თამაზ მარკოზაშვილი.

მისივე თქმით, გვირაბი მტრის შემოსევის დროს ამაღლების მეციხოვნეებისთვის სასმელი წყლის მიწოდების ერთადერთ გზას წარმოადგენდა.

„ეს მიწისქვეშა გვირაბი წყაროს წყლით ამარაგებდა კოშკს, რათა გარეშე მტრისგან მალულად მომხდარიყო წლის გადატანა კოშკში და შემდეგ უკვე ამაღლებაში მიეწოდებინათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია და სასიხარულო იქნება, თუ მოხდება გვირაბის კეთილმოწყობა, როგორც ტურისტებისთვის ასევე ადგილობრივებისთვის,”-ამბობს თამაზ მარკოზაშვილი.

მისი თქმით, მსგავსი გვირაბი კახეთში არ არსებობს და მას მოფრთხილება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ საიდუმლო გვირაბის შესასვლელი 2008 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ვეჯინში ადიდებულმა ,,კოდისხევმა" ნაპირი მოგლიჯა.
| Print |
FaceBook Twitter Google