საზოგადოება
კოდისხევის გვირაბისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თხოვნით გურჯაანის მერიამ სააგენტოს მიმართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კოდისხევის გვირაბისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა.

როგორც ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, თამაზ მარკოზაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მსგავსი გვირაბი კახეთში არ არსებობს და მას მოფრთხილება სჭირდება.

„დასავლეთისგან განსხვავებით კახეთში მსგავსი მღვიმე არ გვაქვს და არის საშიშროება, რომ ეს ყველაფერი დაზიანდეს. როგორც მითხრეს, ადრე ვიღაცებს სტალაქტიტები და სტალაგმიტები მოუმტვრევიათ. ამიტომ მოფრთხილება სჭირდება, ვისაც სურს, ყველამ რომ სუვენირად წაიღოს, ეს ყველაფერი განადგურდება. ამიტომ წერილი მივწერეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, რათა ამ ადგილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს და მათგან ველოდებით პასუხს. გვინდა, რომ სპეციალისტები ჩამოვდნენ და ეს ტერიტორია შეისწავლონ,“-გვეუბნება თამაზ მარკოზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საიდუმლო გვირაბის შესასვლელი 2008 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ვეჯინში ადიდებულმა ,,კოდისხევმა" ნაპირი მოგლიჯა.

როგორც თამაზ მარკოზაშვილი გვეუბნება, ამ ეტაპზე კოდისხევის გვირაბში შესვლა უსაფრთხო არ არის.

| Print |
FaceBook Twitter Google