მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ხარისხიანი მედიკამენტები-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე.

მისივე თქმით, პარლამენტსა და მთავრობას უკვე გაეგზავნა შესაბამისი რეკომენდაციები.

„მე მინდა, ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებს, რომ ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა, ვინაიდან საჭირო იქნება კანონებში ცვლილებების განხორციელება და,ჩვენი მოლოდინით, ეს კიდევ უფრო დაეხმარება და გააიაფებს მედიკამენტებს,“ -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

მისივე თქმით, ფასების მონიტორინგის მნიშვნელობასთან ერთად, მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ხარისხიანი მედიკამენტი და ეს არის ნომერ პირველი მოთხოვნა.

„რაც მთავარია, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი, ამ ეტაპზე რეგულირებას არ ვიტყოდი, და მეორეს მხრივ - ხარისხის კონტროლი, რაც არის აუცილებელი. ჩვენს მოსახლეობას ხარისხიანი მედიკამენტი უნდა მიეწოდოს ეს არის ჩვენი ნომერ პირველი მოთხოვნა. ჩვენ ახლა დავიწყებთ აქტიურად მუშაობას, ბატონი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი დაიწყებს ამ თემაზე მუშაობას და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები,“- განაცხადა პრემიერმა.
| Print |
FaceBook Twitter Google