საქართველო წამლებს თურქეთიდან შემოიტანს
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას, რომლის თანახმადაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რაც ნიშნავს იმას, რომ თურქედინან GMP სტანდარტების მედიკამენტები შემოვა. ამასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.


პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში.

„მოგეხსენებათ, მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს, პირობითად, 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი არ არსებობს, ვერ მოვისმინე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები, კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, როგორც ცნობილია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, ჩატარდა მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციები მთავრობას უკვე გაეგზავნა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე ისაუბრა იმაზე, რომ მოსახლეობისთვის ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდება მისი, როგორც პრემიერ მინისტრის, ნომერ პირველი მოთხოვნაა.
| Print |
FaceBook Twitter Google