ფარმაცევტულმა კომპანიებმა ონკოლოგიურ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს - ჯანდაცვის სამინისტრო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გარკვეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ფასების ხელოვნურად გაზრდის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.


სამინისტროში აცხადებენ, რომ, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს.


„მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო რეფერენტული პოლიტიკის გატარება გარკვეულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, გარკვეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან კვლავ ფიქსირდება არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რაც იმაში აისახება, რომ ამ ეტაპზე ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზარდეს ფასი.

თებერვლის თვეში იყო მსგავსი შემთხვევები სხვა მედიკამენტებთან დაკავშირებითაც, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროს მაშინ ჰქონდა რეაგირება. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ გარკვეულ ფარმაცევტულ კომპანიებს ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტზე ზუსტად ერთი და იგივე თანხა აქვს განსაზღვრული. და ასევე, ფასი ბოლო პერიოდში მნიშდვნელოვნად არის გაზრდილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ გაზრდას უკან არანაირი შინაარსობრივი მიზეზი არ უდგას.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩართულია კონკურენციის სააგენტო იმისთვის, რომ გვქონდეს უმკაცრესი რეაგირება, რაც ძალიან სამწუხაროა. როგორც იცით, ონკოლოოგიურ მედიკამენტებს სახელმწიფო 25 ათას ლარიანია ლიმიტით აფინანსებს და ფასების ხელოვნური ზრდა ხელს უშლის ხელმისაწვდომობას ამ მძიმე პაციენტებისთვის,“- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური.


როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ თითოეულ დარღვევაზე უწყება მკაცრ რეაგირებას მოახდენს.


| Print |
FaceBook Twitter Google