სოფლის მეურნეობა
ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე - რეალური პერსპექტივა
26 წლის იოლჩუ სულეიმანოვი, იორმუღანლოს თემის სოფელ ქეშალოში ცხოვრობს და სტომატოლოგად მუშაობს. ამის გარდა, მამასთან ერთად, მატყლის ბიზნესითაცაა დაკავებული. მატყლს იორმუღანლოში ადგილობრივებისგან 0,50-1,00 ლარად ყიდულობენ, შემდეგ მუშებს არეცხინებენ და საქართველოში, სხვადასხვა ბაზარზე ყიდიან. მისი თქმით, გარეცხილი მატყლის ფასი 2-დან 5-ლარამდე მერყეობს. ამბობს, რომ გაზაფხულის მატყლი უფრო ძვირად ფასობს. პროდუქტი ზოგჯერ ბაქოსა და თურქეთშიც გააქვთ, რამდენიმე ხარისხის მატყლს ყიდიან და შესაბამისად, ფასებიც განსხვავებულია.
„აქ თუ ხუთი ლარი ღირს, საზღვარგარეთ 10 ლარად ვყიდით. ზოგჯერ თვეში 4 ტრაილერი გაგვაქვს. ერთადერთი, რასაც საბაჟოზე ყურადღებას აქცევენ, ის არის, რომ დაპრესილი უნდა იყოს.“
იოლჩუ სულეიმანოვმა იცის, რომ ქართულ მატყლს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის პერსპექტივა აქვს. თუმცა მისთვის უცნობია, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამბობს, რომ სტანდარტების გაცნობის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, თავადაც მოინდომოს ისეთი საწარმოს შექმნა, რომელშიც ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული.
ქეშალოში მცხოვრები 64 წლის მადათ ჯალილოვი მეცხვარეა. როგორც თავად გვიყვება, პროფესია წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღო და "ცხვარში ყოფნის" მრავალწლიანი გამოცდილებაც დააგროვა. 300 სული ცხვარი ჰყავს, რომელსაც წელიწადში ორჯერ, აპრილსა და სექტემბერში პარსავს. ბინას ქირაობს და მთაში ცოლ-შვილთან ერთად მიდის. სხვა ადგილობრივებთან ერთად, ის მატყლის რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობს. „სოფელში თურქი მეწარმეა ჩამოსული და 25 თეთრად ის ყიდულობს, ჩვენ წვალების მეტი არაფერი გვრჩება. აბა, მას რომ არ მივყიდოთ, სადღა წავიღოთ, სად არის კლიენტი?! ყოფილა შემთხვევა, რომ ვერ გამიყიდია და მთაშივე გადამიყრია. აბა, მთიდან აქ რომ წამოვიღო, შეიძლება ბენზინის ფულიც ვერ დაფაროს. ვიცი, რომ ავსტრალიაში ყველაზე ძვირია მატყლი, მაგრამ იქ როგორ გავყიდით?“
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე ამბობს, ევროპაში მატყლის გატანის მსურველ საწარმოსთან ევროკავშირს გარკვეული მოთხოვნები აქვს.
„ორ საწარმოს მიეცა უფლება, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მატყლის იმპორტი განახორციელოს. ერთი მდებარეობს მარნეულში, მეორე - არაგვისპირში. ევროკავშირს აქვს გარკვეული მოთხოვნები, როგორც საწარმოს მოწყობასთან, ასევე პროდუქციის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. საწარმოს ხელმძღვანელობას ავუხსენით ეს პროცედურები და ვალდებულებებიც დავაკისრეთ. ამ ორი საწარმოს გავლით ქართული მატყლი, შესაძლოა, ხვალვე მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე. ევროკავშირის ერთ-ერთი რეგულაციის მიხედვით, საწარმო უნდა იყოს ფრინვლებისგან შეუღწევადი, უნდა ირეცხებოდეს მისი კედლები, ტარდებოდეს დეზინფექცია და ა.შ. ტრანსპორტირებას რაც შეეხება, მატყლი უნდა იყოს აღებული ჯანმრთელი ცხოველებისგან, იფუთებოდეს საკმაოდ კარგად, ისე, რომ არ იფანტებოდეს. საწარმოს უნდა ჰყავდეს პარტნიორი კომპანია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მზად იქნება, ტვირთის მისაღებად. 24 საათით ადრე უნდა ეცნობოს იმპორტიორი ქვეყნის საბაჟოს, რომ ტვირთი კვეთს საზღვარს. საზღვრის გადაკვეთისთანავე პროდუქტი მოხვდება საწარმოო გადამუშავებაში. აქ შეფუთული მატყლი მხოლოდ საწარმოში იხსნება.“
მიხეილ სოხაძის თქმით, ევროკავშირი მოთხოვნების შესრულებას მკაცრად ითხოვს. იმისათვის, რომ პიროვნებამ მატყლი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს, საჭიროა საწარმო ჩამოაყალიბოს და მოთხოვნები შეასრულოს. აღნიშნულ ობიექტზე კონტროლს სახელმწიფო განახორციელებს. დაინტერესებული პირები კონსულტაციას სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიიღებენ. „სახელმწიფო არის იმის გარანტია, რომ აღნიშნული საწარმო ევროკავშირის მოთხოვნებს შეესაბამება და მის მიერ მიწოდებული პროდუქტი უვნებელია. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ზოგადად, ქართული მატყლი არ არის მაღალი ხარისხის, უხეშია და უფრო ხალიჩის დასამზადებლად გამოიყენება.“
მთავარი ვეტერინარის თქმით, იმისათვის, რომ ცხოველი ჯანმრთელი იყოს, სახელმწიფო მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებს. „დაქირავებული გვყავს კერძო ვეტერინარები მთლიანად საქართველოში. მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები ისეთ დაავადებებზე, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს ეკონომიკას და ზოონოზური, ანუ გადამდებია. ახლა ვაქცინაცია ხორციელდება წვრილფეხა ცხოველის ჭირზე, ორ-სამ კვირაში გაგრძელდება თურქულზე. გარკვეულ კონტროლს ვაწარმოებთ ტუბერკულოზზე, პრევენციას ვატარებთ ყირიმ-კონგოს ცხელებაზე. სახელმწიფო ამ ყველაფერს უფასოდ ახორციელებს. ფერმერებს უნდა ჰქონდეთ კომფორტი, რომ ცხოველები ჯანმრთელად ჰყავდეთ. არსებობს დაავადებები, რომლებსაც თავად უნდა მიხედონ. თუმცა ხშირ შემთხვევაში, ამის გაკეთებაც არ უნდათ, რაც ძალიან ცუდია.“-ამბობს ის.
2014 წელს მეცხვარეთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში ავსტრალიიდან მატყლის კლასიფიკატორები ჩამოვიდნენ. მატყლთან დაკავშირებული სტანდარტები აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნეს, მათ კი რეკომენდაციები ფერმერებს გაუზიარეს. „მათ აგვიხსნეს, რა სტანდარტები არსებობს, როგორ კლასიფიცირდება მატყლი და ა.შ. მიმდინარე წელს კიდევ აპირებენ ჩამოსვლას. მივიღეთ რეკომენდაცია, რომ ცხვარი ორჯერ კი არა, ერთხელ უნდა გაიპარსოს, იმისთვის, რომ მატყლი ხარისხიანი იყოს. თუკი სწორად იქნება გაპარსული, შესაძლებელია ოთხი სხვადასხვა სახეობის მატყლის მიღებაც. ამ ყველაფერს ცოდნა სჭირდება. რეკომენდაციამ რომ სერიოზული სახე მიიღოს, შესრულება აუცილებელია. სწორედ განხორციელების პრობლემა გვაქვს. ეს არის ფერმერის და იმ პიროვნების მოსაგვარებელი, ვინც მატყლს იბარებს. ჩამბარებელმა უნდა მოსთხოვოს ფერმერს, როგორ დაუხარისხოს. მანამ, სანამ ამას არ მოითხოვს, ფერმერი შესრულებას არ დაიწყებს. “- აღნიშნა მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენელმა ბექა გონაშვილმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო წლებში მატყლის იმპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი იკლებს. უკანასკნელი სამი წლის მონაცემებით მატყლის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ ჯამში 403800 დოლარი შეადგინა.

მატყლის ექსპორტიდან შემოსული თანხა

2013 წელი- 149,2 ათასი აშშ დოლარი,
2014 წელი- 129, 5 ათასი აშშ დოლარი,
2015 წელი- 125,1 ათასი აშშ დოლარი.
მიმდინარე წლის იანვარში კი მატყლის ექსპორტიდან შემოსული თანხა 49 ათასი აშშ დოლარია.

სტატიის აზერბაიჯანული ვერსია

| Print |
FaceBook Twitter Google