ჯანდაცვა
ზოგჯერ მედიკამენტები 3000%-იანი ფასნამატით იყიდება - ჯანდაცვის სამინისტრო
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვვის სამინისტროს განცხადებით, ზოგიერთი მედიკამენტი აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში კი 1000, 2000 და 3000-პროცენტიანი ფასნამატით იყიდება. კერძოდ, საუბარია მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს.

სამინისტრო აღნიშნავს იმასაც, რომ მედიკამენტებს დიდ ფარმაცევტულ ქსელებში თითქმის ინდენტური ფასი აქვს.

„ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი - იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია.

მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს,“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

სამინისტრო, ინფორმირების მიზნით, განმარტავს, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება.





| Print |
FaceBook Twitter Google