კულტურა
თითქმის დანგრეულ კოტე აფხაზის სასახლეზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კომენტარს არ აკეთებს
წარჩინებული გენერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოტე აფხაზის სასახლე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარეობს, თითქმის მთლიანად დანგრეულია.

ძეგლის სტატუსი ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს მიანიჭა, თუმცა კერძო მფლობელობაშია.

სასახლის ამბავი speqtri.ge-მ არაერთხელ გააშუქა, ბოლოს 2020 წელს. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობოს დეპარტამენტის უფროსი, ბექა ბარამიძე ამბობდა, რომ ტერიტორიას გაასუფთავებდნენ, 2021 წელს კი რეაბილიტაციას დაიწყებდნენ.

დასუფთავებისთვის 50 000 ლარი იყო გათვალისწინებული. გაასუფთავეს და დაასაწყობეს ქართული აგური, რომელიც ადგილობრივებმა მიმდინარე წლის ზაფხულში მოიპარეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ ქურდობის ფაქტი გახსნა, აგური კი ნივთმტკიცების სახით დღემდე პოლიციაშია. აღნიშნულთან დაკავშირებით, speqtri.ge-მ დეტალური ინფორმაციისთვის შსს-ს მიმართა, თუმცა, პასუხი არ მიგვიღია.

2021 წელი სრულდება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ არ დაუწყია. თუ რატომ, speqtri.ge-ს მიერ დასმულ ამ კითხვას ბექა ბარამიძემ ერთი თვის განმავლობაში არ უპასუხა, არ პასუხობს ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს.

ამასობაში კი ქართველი გენერლის სასახლე დღითიდღე ინგრევა და შესაძლოა, შენობა რეაბილიტაციას აღარ დაექვემდებაროს.
| Print |
FaceBook Twitter Google