2024 წლის 1 იანვრიდან, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის
ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით
მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე – ოპერირების წესები.
ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.
„ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა,
დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის,
სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის
აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა
დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის
გამოყოფა.
სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს
თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C
ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ.“ - აღნიშნულია საქართველოს მთავრბის
მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი რეგულაციით, სტომატოლოგიური კლინიკის ან კაბინეტის გახსნამდე
შეტყობინება უნდა გაეგზავნოს რეგულირების სააგენტოს, რომელიც
დაწესებულებას, მაქსიმუმ, 2 თვის განმავლობაში შეამოწმებს და ყველა
სავალდებულო სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გასცემს დადებით
დასკვნას, რაც დაწესებულებას მიანიჭებს საქმიანობის დაწყების
უფლებას.
ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური
კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები