თელაველი მარიამ ფროდიაშვილი ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონი გახდა
უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის
ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს გოგონათა ნაკრები,
ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. თელაველმა მარიამ
ფროდიაშვილმა ასევე პირადი პირველობაც მოიპოვა.
„მართალია, პირადი პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ფინალში
ჩვენი სამეულიდან მხოლოდ მარიამ ფროდიაშვილი გავიდა, თუმცა მარიამ
აბრამიშვილს და სალომე ფროდიაშვილსაც კარგი შედეგები ჰქონდათ, რამაც
გუნდურში გამარჯვება მოგვიტანა (შეგახსენებთ: აქ ისევ ძველი წესი
დააბრუნეს - ცალკე ტურნირი აღარ იმართება, სამივე მონაწილის შედეგები
ჯამდება და ასე ვლინდებიან მედალოსნები) - ჩვენს სამეულს 1695 ქულა
დაუგროვდა და მთელი 14 ქულით (!) გაუსწრო მეორეზე გასულ იტალიას!
მესამე შედეგი გერმანიას აღმოაჩნდა - 1677 ქულა.“ - აცხადებენ
საქართველოს სროლის ეროვნულ ფედერაციაში.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა
ტყვიის მსროლელმა, მარიამ ფროდიაშვილმა, ფინალში 242,2 ქულით
სლოვენიელი სპორტსმენი დაამარცხა, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ამ
შედეგით ევროპის ახალგაზრდული რეკორდიც დაამყარა. ბრინჯაოს მედალს
უნგრელი ტყვიის მსროლელი დასჯერდა.
მათივე ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირად პირველობაში
ახალგაზრდებს შორის ქართველმა სპორტსმენმა პირველი ადგილი
დაიკავა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეს მარიამ ფროდიაშვილის მესამე ოქროს
მედალია. მან ჩემპიონობა გოგონათა შორის და შერეულ წყვილებშიც იზეიმა.
მასალის გამოყენების პირობები