პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ სამდღიან
ფართომასშტაბიან აქციებს აფასებს და მიიჩნევს, რომ ხალხის გამოსვლა
ადასტურებს ამ კანონის მიღების საჭიროებას.
„ ზუსტადაც ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის
მიმართ. საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ კანონზე,“ -
განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთად საუბრისას.
პაპუშვილისთვის არც დემონსტრანტების რაოდენობაა მნიშვნელოვანი, რადგან
იგი აცხადებს, რომ ხალხი არა ცალკე ჯგუფები, არამედ საქართველოს 3.7
მილიონი მოქალაქე და საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არიან.
მომიტინგეების მოთხოვნასთან დაკავშირებით, პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ
“ეს ასე არ წყდება”.
„რაც შეეხება იმას, რას აკეთებს პარლამენტი და რა უნდა გააკეთოს
პარლამენტმა, როგორც ხალხის წარმომადგენელმა, უნდა გააკეთოს ის, რაც
ქვეყნისთვის და ხალხისთვის არის კარგი. მასე თუ მივყვებით, ოპოზიციამ
შეძლო 2022 წელს, მათ შორის, მოქალაქეების გარკვეული რაოდენობის
მობილიზება იმისთვის, რომ მოეთხოვა, გაგვეშვა მოხალისე-მებრძოლები
უკრაინაში. უნდა გაგვეშვა?!
ეს ასე არ წყდება. ხალხი წყვეტს უპირველეს ყოვლისა არჩევნებზე თავისი
მანდატის მინიჭების საკუთარი წარმომადგენლებისადმი. პარლამენტში
წარმოდგენილია ყველა გემოვნება, რაც საზოგადოებაში არის... პარლამენტი
მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭირო არის ხალხისთვის. ამ დღეებმა
დაადასტურა კიდევ ერთხელ საჭიროება ამ კანონის, რომ იყოს გამჭვირვალე
უცხოური დაფინანსება,“ - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, ხალხმრავალი საპროტესტო აქციებისა და
დასავლელი პარტნოირების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რუსული
კანონი გუშინ, 17 აპრილს,
პირველი მოსმენით მიიღო. 83
მომხრე, 0-წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის
შედეგი. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რუსული კანონის პირველი
მოსმენით მიღების შემდგომ, საპროტესტო აქცია “კი ევროპას, არა რუსულ
კანონს!” გაგრძელდა.
მოქალაქეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკერება
19:00 საათიდან დაიწყეს. აქციას შეუერთდნენ
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მომიტინტგეებმა მმართველ
პარტიას ერთსაათიანი ვადა მისცეს კანონის გასაწვევად, რის შემდეგაც,
მომიტინგეები მსვლელობით
გადავიდნენ სამთავრობო ადმინისტრაციასთან ირაკლი
კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით.
მომიტინგეების განცხადებით, აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ
გაგრძელდება იქამდე, სანამ მთავრობა კანონს არ გაიწვევს.
მასალის გამოყენების პირობები