მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაბინავებულია, გადამუშავებულია
120 ათას ტონაზე მეტი ყურძენი; მათ შორის, 65,0000-ზე მეტი რქაწითელი,
50,000 ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვა ჯიშის ყურძენი, - ამის
შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ
შამუგიამ თელავში ისაუბრა, როდესაც საკოორდინაციო შტაბში 2022 წლის
რთველის მიმდინარეობის საკითხებს გაეცნო.
მისივე განცხადებით, კახეთში რთველი შეფერხებების გარეშე
მიმდინარეობს.
„რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.
საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს და ადგილობრივი
მუნიციპალიტეტის და სხვა შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით, კარგად
ართმევს პროცესს თავს. ყურძენს მევენახეები შეუფერხებლად აბარებენ.
ვფიქრობთ, რომ პროცესი ასეც გაგრძელდება და წელს გვექნება ძალიან
წარმატებული რთველი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქართული
ყურძნის ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, რაც მის საერთაშორისო
რეპუტაციასა და ფასს განაპირობებს.
„ჩვენ, წლების განმავლობაში, არაერთ პროექტს ვახორციელებთ იმისთვის,
რომ ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ ღვინის ხარისხი. ასევე ვმუშაობთ
მარკეტინგის კუთხით. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ზრდა
გვაქვს ღვინის ექსპორტში, მათ შორის წელსაც, მიუხედავად რეგიონში
არსებული მდგომარეობისა, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პოლონეთი, სადაც 40-45%-იანი ზრდა
გვაქვს; პოლონეთი ექსპორტში მეორე ადგილს იკავებს. მოგეხსენებათ, ჩვენ
არაერთი პროგრამა გვაქვს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე ღვინის
პოპულარიზაციას ემსახურება; ასევე გვაქვს ახალი პროექტი, რომელშიც
40-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, სადაც უშუალოდ კომპანიებს
ვეხმარებით მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებაში. სწორედ ამ
ღონისძიებების შედეგად, შარშან, მთლიანობაში, ღვინის და სხვა
ალკოჰოლური სასმელების, ასევე სპირტის ექსპორტის შედეგად, ქვეყანამ,
დაახლოებით, 600 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ
მომავალ წლებში ეს მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება”, - განაცხადა
ოთარ შამუგიამ.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის
უმეტეს მუნიციპალიტეტში, გარდა საგარეჯოსი, რომელიც რთველის პროცესში,
ტრადიციულად, მოგვიანებით ერთვება.
რაც შეეხება ყურძნის ფასს ოთარ შამუგიას განცხადებით, რქაწითელის
შემთხვევაში, ფასი 95 თეთრიდან 1,1 ლარამდე მერყეობს, ხოლო საფერავის
შემთხვევაში, 1,5 ლარიდან - 1,7 ლარამდე.
აქვე შეგახსენებთ, რომ წელს სახელმწიფო
სუბსიდია კვლავ გაიცემა რქაწითელსა და კახურ
მწვანეზე, რრისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 150 მლნ ლარი დაიხარჯება.
სუბსიდია არ ეხება საფერავს.
მასალის გამოყენების პირობები