გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მცხოვრებმა გივი ილაშვილმა
სვის კაპიტალისგან სამომხმარებლო სესხი 500 ლარის ოდენობით გასული
წლის 18 ნოემბერს აიღო.
თანხა 22 დეკემბერს შეიტანა იმ იმედით, რომ სესხი განულდებოდა. როგორც
კომპანიაში განმარტავენ, თანხა სატრანზიტო ანგარიშზე დაჯდა, ამიტომ
მას სესხის დაფარვისთვის ორგანიზაციისთვის ოფიციალურად უნდა
მიემართა.
“აპრილში 170 ლარი შემატანინეს, 23 მაისს -70 ლარი უნდა
გადამეხადა. მითხრეს, 8 თვის განმავლობაში 116 ლარი კიდევ უნდა
შემოიტანოო. სად მაქვს მაგისი საშუალება, ისედაც სოციალურად
დაუცველები ვართ, ხუთი წლის ბავშვი მყავს და 16 წლის ბიჭი. გამოდის,
რომ სვის კაპიტალი გადახდილი თანხის ხელახლა დაფარვას მთხოვს.
წარმოიდგინეთ, რამდენი მიჯდება 500 ლარიანი სესხი. რომ მცოდნოდა,
განცხადებასხომ დავწერდი?! “
საკითხის გარკვევას თავად სვის კაპიტალში შევეცადეთ. იქ კი განმარტეს,
რომ მომხმარებელს განცხადების დაწერის შესახებ ინფორმაცია
მიაწოდეს.
„რა თანხაც შემოიტანა, ამით ჩვენ ავტომატურად ვერ
დავუხურავდით სესხს, თუ განცხადებას არ დაწერდა. რა თანხაც დაჯდა
ანგარიშზე, ამ 500 ლარიდან გრაფიკით ეჭრებოდა. როდესაც 500 ლარი
ამოიწურა, პრობლემურ განყოფილებას გადაეცა. თელავის ფილიალის
თანამშრომელს რამდენჯერმე ჰქონდა კავშირი კლიენტთან. გივი ილაშვილი
ნამდვილად მისულა ოფისში და რიგის გამო აღარ მოუცდია, უთქვამს
სამსახურში მაგვიანდებაო. კიდევ დაურეკა ოპერატორმა და უპასუხა, რომ
როცა ეცლებოდა, თავად მივიდოდა.“-აღნიშნა მიკროსაფინანსო
ორგანიზაციის საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელმა ალექსანდრა
პაპიძემ.
პრობლემურმა დეპარტამენტმა მსესხებელს ცენტრარულ ფილიალში გამოცხადება
და ხელმძღვანელობასთან პირადად შეხვედრა ურჩია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი გვითხრეს, რომ თუკი
მხარეები ვერ თანხმდებიან, საკითხის გადაჭრა სასამართლოს გზითაა
შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები