საზოგადოება
აუზის მშენებლობის ხარვეზებს გამგეობა გამოასწორებს
გურჯაანის სპორტულ კომპლექსში მდებარე აუზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამუშაოთა მწარმოებელ კომპნიას 350 ათასი ლარი გადაუხადა, რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან განისაზღვრა.


აუზის რეაბილიტაციისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტში 50 ათასი ლარი განისაზღვრა.
„საცურაო აუზთან დაკავშირებით მთელი რიგი ხარვეზებია, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა. აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ჩვენი გათვლით, ამ პროცედურას, დაახლოებით, ერთიდან ორ თვემდე დასჭირდება. მოგეხსენებათ, აუზი წყალს ვერ იკავებს და ამიტომ არ ფუნქციონირებს,“ -აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილმა.

მისივე განმარტებით, როდესაც აუზი ექსპლუატაციაში შევა, ადგილობრივ ხელისუფლებას შენახვა არ გაუჭირდება.
„საქმე წყლის გამშვებ სისტემას ეხება, რომელიც სავარაუდოდ ფსკერზე გარკვეული ფენის ქვემოთ არის დაზიანებული. როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ხარვეზებს გამოასწორებს, აუზი იფუნქციონირებს. გაიყიდება აბონემენტები, მსურველი ძალიან ბევრია. იმისათვის, რომ აუზი შევინახოთ, ბუნებრივია, გარკვეულ თანხას მუნიციპალიტეტიც განსაზღვრავს. ანუ, ეს არ იქნება კატასტროფული თანხა, რომ ვერ დავძრათ.“

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტკომპლექსის მშენებლობაზე სამმილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა და 2012 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზეიმოდ გახსნა, თუმცა, დაზიანების გამო აუზმა მხოლოდ ერთი დღე იმუშავა.
ამიტომ ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ობიექტი არ ჩაიბარა და არც კომპანიას ჩაურიცხა თანხა სრულყოფილად. ამის შემდეგ სამუშაოთა მწარმოებელ კომპანია შპს "თემასა" და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დაიწყო სასამართლო დავა, რომელიც სამი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ სასამართლო პროცესი წააგო, მიმდინარე წლის მაისში უზენაესმა სასამართლომ გამგეობას კომპანიის სასარგებლოდ 350 ათასი ლარის ანაზღაურება დააკისრა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი ნანა ჭაბუკაძე განმარტავდა, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა. გამგეობას გასაჩივრების უფლება, მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ აუზი, რომელიც ამ დრომდე არ მუშაობს, უხარისხოდაა გაკეთებული. თუმცა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ბრალეულობის დადგენა ვერ შეძლო.
„იმის დასადგენად, ხარვეზები იყო თუ არა იმ კომპანიის ბრალი, რომელიც თავის დროზე სამუშაოებს აწარმოებდა, ექსპერტიზის ბიუროს მივმართეთ. როგორც მათ განმარტეს, ამის დადგენა ფიზიკურად შეუძლებელია,“ - ამბობს ალექსანდრე ყვირალაშვილი.

მისივე თქმით, დავას აზრი აღარ აქვს, რადგან პროცესი დროში გაიწელება და შეიძლება შედეგიც უარყოფითი იყოს. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რეაბილიტაციისთვის თანხები ისევ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოეყოთ.

ამავე თემაზე:

ახალი დეტალები გურჯაანის სპორტკომპლექსის ირგვლივ
სპორტკომპლექსის გახსნა ექსპერტის დასკვნის შემდეგ იგეგმება
წყალში გადაყრილი 3 მილიონი და ხელახლა შესარემონტებელი სპორტული კომპლექსი
საცურაო აუზი _ გურჯაანელების "აუხდენელი ოცნება"


| Print |
FaceBook Twitter Google