საზოგადოება
შშმ პირთა არარსებული სტატისტიკა და პროექტებს მიღმა დარჩენილი იორმუღანლოელები
7 წლის ნოვრუზი იორმუღანლოს თემის სოფელ თულარში ცხოვრობს. მას დაბადებიდან ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუდგინეს და დღემდე მასაჟების ინტენსიურ კურსს საჭიროებს. სკოლაში არ დადის. მშობლები და ახლობლები მიიჩნევენ, რომ კლასში ყოფნა მისთვის დამთრგუნველი იქნება.
-"თავიდან მოძრაობაც უჭირდა და ლაპარაკიც. მასაჟების შემდეგ დიდი წინსვლა აქვს. ისეთი ნიჭიერია, გაოცდებით. სკოლაში არ დადის, მაგრამ სხვადასხვა ისტორიას გამართულად მოგიყვებათ. ჯერ მარტო, ჩვენს ახლომახლო დაახლოებით 15 ასეთი ბავშვია. კარგი იქნება, თუკი სოფელში ერთ ოთახს მაინც გამოყოფენ, სადაც ისინი შეიკრიბებიან, დღის განმავლობაში იქ იქნებიან და სხვადასხვა საქმიანობით დაკავდებიან. სკოლაში კი დაიჩაგრება, 30 მოსწავლიდან 29 გარეთ გავა დასვენებაზე და ეს კი კლასში უნდა დარჩეს," - ამბობს ნოვრუზის ნათლია მურაზ კულიევი.

ნოვრუზს არც ეტლი აქვს, დახმარების გარეშე კი გადაადგილება უჭირს. დედა, ხაძა ნოვრუზოვა, პროფესიით დაწყებითი კლასის პედაგოგია, მაგრამ ბავშვების გამო ვერ მუშაობს.
- "ძალიან უყვარს მუსიკა, განსაკუთრებით საცეკვაო სიმღერები. ყველაზე დიდი ოცნება აქვს, რომ ფეხზე სხვისი დახმარების გარეშე გაიაროს. ბავშვი სულ სახლშია და ამიტომ სტუმრების მოსვლა განსაკუთრებით ახალისებს. მასაჟების წყალობით, მეტყველება უკვე შეუძლია, ქართულიც ექთნისგან ისწავლა და ლექსებსაც ამბობს. კარგი იქნება, თუკი ასეთ ბავშვებზე ვინმე იზრუნებს და სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართავს."

პალდოში მცხოვრები ალიევების ოჯახში ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირია, 28 წლის ვალიდა და მისი ძმა, 30 წლის რაჯაფი. რაჯაფს სკოლაში არასოდეს უსწავლია. პედაგოგი სახლში დადიოდა, მაგრამ როგორც მამამისი ჰაჯან ალიევი ამბობს, ვიღაცამ იჩივლა და მასწავლებელმაც მათთან სიარული შეწყვიტა. ეტლი ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მისცა, მაგრამ თითქმის ვერ სარგებლობს, ოცნებობს, ისეთი ეტლი ჰქონდეს, რომელიც ავტომატურად იმართება.

ასოცირების დღის წესრიგის 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, შშმ პირებისთვის გათვალისწინებული იყო კულტურულ-შემოქმედებითი, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ღონისძიებები. როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ქრისტინე კაპანაძე ამბობს, მათ ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს: ჩატარდა ისეთი სპორტული ღონისძიებები როგორიცაა ბოულინგი, ჯომარდობა, პარაპლანით ფრენა, ნიჩბოსნობა. მოეწყო პარასპორტის კვირეული, რომელშიც ჩართული იყო 150 ბენეფიციარი თბილისიდან, რუსთავიდან და მცხეთიდან. თელავში ადაპტირებულ ტირის დარბაზში, შეჯიბრი გაიმართა პნევმატურ ტირში, წოლჭიმში, მკლავჭიდში, ბილიარდში. ასეთივე ტურნირი ჩატარდა ქუთაისში; ყველა პროექტი იყო ინკლუზიური. კულტურულ-შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა გორში.
მსგავსი აქტივობები არ განხორციელებულა იორმუღანლოში მცხოვრები შშმ პირებისთვის.

2016 წელს შშმ პირებისთვის კულტურულ, სპორტული და საგანმანათლებლო პროექტები განახორციელა სპორტისა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმაც. როგორც შშმ პირთა ინტეგრაციის პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი თამთა ხუციშვილი ამბობს, მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და ტრენინგები იყო მთლიანად ინკლუზიური და გულისხმობდა როგორც ფიზიკური განვითარების პრობლემის მქონე, ისე გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ახალგაზრდების ჩართულობას.

ცენტრში განმარტავენ, რომ მათი პრიორიტეტები 2017 წელსაც იგივეა: ეს არის მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა, განათლების პოპულარიზაცია, მოხალისეობისა და არაფორმალური განათლების წახალისება. პრიორიტეტი ძირითადად არის საზღვრისპირა, მთის რეგიონები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ქალაქები და სოფლები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს უკვე საპროექტო იდეებზე მუშაობა, სულ მალე კი დაიწყება რეგიონების შერჩევა.
- "ვერ გეტყვით, რა არის გათვალისწინებული იორმუღანლოს თემისთვის, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა. თუმცა, თუნდაც თქვენი ზარი და მომართვიანობა სხვადასხვა რეგიონიდან ძალიან დაგვეხმარება, რომ უფრო მეტად ვიცოდეთ სად რა საჭიროებაა, რათა შესაბამისი სერვისი შევთავაზოთ. რაც შეეხება დაბალი ასაკის შშმ ბავშვებს, მათთვის შეიძლება იყოს ისევ ტრენინგები ბავშვისა და შშმ პირთა უფლებებზე. ეს შეიძლება იყოს პიროვნული განვითარების კურსი, რომელიც მოიცავს საკუთარი თავის შეცნობას, შეიძლება იყოს დროის მენეჯმენტი, კრიზის მართვა, სტრესის მართვა, თუმცა, რა საკვირველია, ასაკის შესაბამისი მოდულია აწყობილი. ასევე იქნება ლიტერატურული კონკურსი, რომელიც შემდგომში წიგნად აიკინძება და გამოიცემა უსინათლოთა და მცირემხედველთათვისაც ბრაილის შრიფტით და ნახატების კონკურსი, რომელიც ასევე იბეჭდება ბრაილის შრიფტით. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სამომავლოდ იორმუღანლო იყოს ერთ-ერთი ის დასახლება, სადაც ჩავალთ და შევთავაზებთ ჩვენს პროექტებს."

პალდოში მცხოვრები ორი შშმ პირის მამას, ჰაჯან ალიევს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ აქვს და ამბობს, რომ რა პროექტიც არ უნდა განხორციელდეს, მათ სოფელს მაინც არაფერი ეხება.
-"მთავრობას შეიძლება მიღებული აქვს დადგენილება, მაგრამ ყველაფერი არის ქალაქებში. იმ სივრცეს არ სცდება. საჩვენებელი ღონისძიებებიც ქალაქებში ტარდება და რეგიონში არაფერი ხდება, რაიონშიც შეიძლება ვიღაც შეკრიბო, თვალის ახვევის მიზნით, მაგრამ ადგილზე არავინაა დაინტერესებული, ჩვენთვის არაფერია. ამ დასახლებაში 37 ათასი კაცი ცხოვრობს და ერთი ორგანიზაცია არ არსებობს, რომელიც ასეთი ადამიანების ბედით დაინტერესდება და მათთან იმუშავებს. კარგია, თუ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება იქნება. იმაზე არავინ ფიქრობს, რამდენიმე წლის შემდეგ, მე და ჩემი მეუღლეც ასაკში რომ შევალთ და აღარ შეგვეძლება, ვინ მოუვლის ჩემს შვილებს."

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ქრისტინე კაპანაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ ვერ ჩაერთვნენ მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში იორმუღანლოს თემში მცხოვრები შშმ პირები.
-"ჩვენი სამინისტროს აქტივობები და ღონისძიებები იმიტომ არ მისულა იორმუღანლომდე და იმიტომ არ არიან ჩართულები ამ თემის შშმ პირები, რომ ჩვენამდე არ მოვიდა ეს ინფორმაცია. დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ვუგზავნით მუნიციპალიტეტებს და ასევე ვავრცელებთ ტელევიზიითაც, ვინც გამოგვეხმაურება, პროექტებში ვრთავთ.

ჩვენთვის არც კონკრეტულ პირს დაურეკავს, რომ რომელიმე პროექტში ჩართვის სურვილი გამოეთქვა და არც მუნიციპალიტეტს მოუმართავს, რათა იორმუღანლოში მცხოვრები შშმ პირების შესახებ მოეწოდებინა ინფორმაცია.
სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც შშმ პირებთან მუშაობენ. ასეთია მაგალითად, დღის ცენტი "რია", რომელიც ახალციხეში ფუნქციონირებს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვიფიქსირდება მონაცემი, რომ იორმუღანლოში ცხოვრობდნენ შშმ პირები ან არსებობდეს ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს."

ქრისტინე კაპანაძის თქმით, დღეისათვის არ არსებობს სტატისტიკა და შესაბამისად, არ გააჩნიათ მონაცემები შშმ პირებზე ლოკაციების მიხედვით. ისინი სარგებლობენ საკუთარი ბაზით, რომელსაც ქმნიან იმ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რასაც პირადად მოიძიებენ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სავარაუდოდ, მარტიდან მსოფლიო ბანკთან ერთად დაიწყება შშმ ახალგაზრდების რაოდენობრივი და საჭიროებრივი კვლევა, სადაც აქცენტი გაკეთდება ეთნიკურ უმცირესობებზეც.

-"პირველ ეტაპზე შეუძლებელი იყო კვლევის ჩატარება, რადგან ხალხი ოჯახში მყოფ შშმ პირებს მალავდა, შესაბამისად, არც მათი საჭიროების შესახებ გვქონდა ინფორმაცია და არც რაოდენობის შეხებ. ვცდილობდით ღონისძიებებითა და აქტივობებით, შშმ ახალგაზრდები გარეთ გამოგვეყვანა. მას შემდეგ, რაც საქართველოში არსებული სტერეოტიპი და სტიგმა მეტნაკლებად დაინგრა, რაც უკვე ხალხი აღარც მალავს, რომ ჰყავს შეზღუდვის მქონე შვილი, შვილიშვილი, ნათესავი, ჩვენ უკვე მზად ვართ ჩავატაროთ კვლევა, რომ საქართველოს მასშტაბით, საერთო სურათი გვქონდეს, შევაჯამოთ და ამის მიხედვით დავგეგმოთ აქტივობები. საკუთარი ძალებით გარკვეული კვლევა ჩაატარა გასულ წელს სპორტისა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმაც, თუმცა, ამჯერად ეს იქნება უფრო ფართომასშტაბიანი პროექტი."

სპორტისა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შშმ პირთა ინტეგრაციის პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელის თამთა ხუციშვილის თქმით, მათ მიერ ჩატარებული კვლევა მიმდინარეობდა სამი მიმართულებით. ერთი ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაცია, მეორე წყაროა განათლების სამინისტრო და მესამე - ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მონაცემები, რომლებიც თავის მხრივ ეყრდნობიან, სოფლის რწმუნებულებს, სოფლის ექიმებს, სპეციალურ სამსახურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და აშ.
- "ჩვენი მკვლევარი სამივე ორგანიზაციიდან მოწვდილი ინფორმაციის ანალიტიკას აკეთებს. შესაბამისად, ამ დროისთვის ვერ მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას იორმუღანლოში მცხოვრები შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების რაოდენობის შესახებ. კვლევა, სავარაუდოდ, თებერვალში დასრულდება, რომლის პრეზენტაციასაც ვგეგმავთ. ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე."

არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აღმასრულებელი დირექტორის ანა არგანაშვილის თქმით, ნამდვილად მნიშვნელოვანია სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანებს აქვთ ისეთი პრობლემები და გამოწვევები, რომელიც შეიძლება მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლებას დაემუქროს.

-"არის პირველი რანგის ძალინ სერიოზული პრობლემები, მათ შორის მათ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია, ვთქვათ, ჯანმრთელობის სფეროში და ცოტა უცნაურად მეჩვენება, რომ სპორტულ აქტივობებში ჩართულობით ვიწყებთ მათი გათანასწორების სტრატეგიას. ეს არ არის ლოგიკური, ეს არათანაბარი მიდგომაა. მიმაჩნია, რომ ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ეს ადამიანები მოხსენიებული უნდა იყვნენ ყველა სხვა სექციაში. მხოლოდ სპორტი და კულტურა საკმარისი არ არის."

ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში რაიონებსა და რეგიონებში შშმ პირები უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან, ვიდრე დედაქალაქში, რაც მისი აზრით, დისკრიმინაციულ პრაქტიკას წარმოადგენს.
-"მინიმუმ ორი სახის დისკრიმინსაციაზე შეიძლება ვისაუბროთ. ერთი, როდესაც კანონია დისკრიმინაციული და მეორე, როდესაც გვაქვს სწორი კანონი, მაგრამ დისკრიმინაციულად გამოიყენება სხვადასხვა ასპექტში. თუკი თბილისში შშმ პირს აქვს უფლება, რომ კულტურულ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა, იორმუღანლოში ქრება ეს უფლება?! ეს ხომ წარმოუდგენელია.

ამიტომ ცენტრალურმა და ადგილობრივმა მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს თანასწორ მოპყრობას. რომ ამ შემთხვევაში რეგიონული ნიშნით არ ჰქონდეს ადგილი დისკრიმინაციას.
ყველაფერთან ერთად, ჩნდება ენობრივი ბარიერი და ამ ადამიანების მონაწილეობა იზღუდება სხვადასხვა გარემოებებით. მათ არ აქვთ საშუალება მიიღონ ინფორმაცია იმ ენაზე, რომელიც ესმით, შესაბამისად, ვერ იცავენ და ახორციელებენ თავიანთ უფლებებს, უფრო მეტიც, ვერ ასაჩივერებენ უფლების დარღვევას."

ანა არგანაშვილის შეფასებით, პირველი რაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ამ ადამიანების ჩართულობა იყოს უფრო მაღალი - საჭიროა დაამყაროს მათთან კონტაქტი, არ უნდა ელაპარაკოს მთავრობა მათ კაბინეტიდან, უნდა გავიდეს და შეხვდეს; ჰქონდეს მონაცემთა ბაზები, შეისწავლოს მათი საჭიროებები, აწარმოოს სიტუაციური ანალიზი და ამის შესაბამისად, დაგეგმოს ღონისძიებები დისკრიმინაციის გარეშე.

მათთვის, ვისაც სურს ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობაში
როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში (ვებგვერდი www.msy.gov.ge), ისევე სპორტისა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში (ვებგვერდი www.cync. ge ) განმარტავენ, რომ დაინტერესებულმა პირმა პირველ რიგში უნდა იმეგობროს მათთან სოციალურ ქსელში და თვალი მიადევნოს მათ ვებგვერდებს, სადაც რეგულარულად ანთავსებენ ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ.
თითოეულ პროექტზე ცხადდება, სად უნდა დარეგისტრირდნენ და როგორ უნდა მოიქცნენ.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ჩაერთოს პროექტში, უნდა დარეკოს სამინისტროში (+995 32) 2 23 54 33 ), მას გადაამისამართებენ მიმართულების მიხედვით და აღრიცხავენ შესაბამის ბაზაში.

სპორტისა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ შესაძლოა გამოცხადდეს ისეთი პროექტები, რომელიც არ მოითხოვს გადაადგილებას და მხოლოდ ნაშრომის გაგზავნა იყოს საჭირო. დაინტერესებულმა შშმ პირმა მათ ვებგვერდზე შეიძლება მისწეროს კონკრეტული ინტერესები, სურვილები, რა ტიპის პროექტში სურს მონაწილეობა ან რა ტიპის სერვისს ისურვებდა, რომ ყოფილიყო მათთვის, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მიიღებს პროექტის კოორდინატორებისა და ვების ადმინისტრატორებისგან. ცენტრის ინფორმაციით, აქტივობებსაც სწორედ ამ წერილების საფუძველზე დაგეგმავენ. ყველა სერვისი სრულიად უფასოა და მხოლოდ მოზარდის მოტივაციაა საჭირო.


როგორ მივიღოთ ეტლი
ეტლის მიღების მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს "ფორმა N100". გამგეობას შეუძლია, შშმ პირებს მხოლოდ მექანიკური ეტლების მიღებაში დაეხმაროს.

იმისათვის, რომ შშმ პირმა ელექტროეტლი მიიღოს, თავად უნდა მიმართოს განცხადებით ადგილობრივი სოციალური მომსახურების სააგენტოს (ამავე უწყებას შეიძლება მიმართონ მექანიკური ეტლის მიღების მსურველებმაც). როგორც იურისტი მარიკო კობახიძე ამბობს, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, განმცხადებელს რა ტიპის ეტლი ესაჭიროება. ტექსტი შეიძლება იყოს დაახლოებით ასეთი შინაარსის: "საქართველოს კონსტიტუციის შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს 2016 წლის კონვენციის მიხედვით, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წამომადგენლები ვალდებულნი არიან, შშმ პირები უზრუნველყონ მათთვის აუცილებელი დამხმარე საშუალებებით."

განცხადებას უნდა ახლდეს ფორმა N100 და ფორმა N50/ა. ასევე პირადობის მოწმობის ქსეროასლი და ზემოაღნიშნული საბუთების ასლები. სოციალური მომსახურების სააგენტომ ერთი თვის განმავლობაში უნდა გასცეს დადებითი ან უაყოფითი პასუხი წერილობით. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში განცხადება უნდა დაიწეროს ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის სახელზე ეტლის მოთხოვნის შესახებ. ეს არის ვაუჩერული დაფინანსება 3000 ლარის ოდენობით. ეტლები იწყობა საქართველოში ზუსტად ზომაზე. სპეციალისტების თქმით, შშმ პირებისთვის არ შეიძლება ნებისმიერი ეტლი, რათა კუნთების ატროფია ან ხერხემლის გამრუდება არ განვითარდეს.

"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თავმჯდომარე, გიორგი ძნელაძე ამბობს, რომ ელექტროეტლებს საქართველოში აწყობს სოციალური საწარმო, სადაც შშმ პირები არიან დასაქმებულები. თუკი მათ წარუდგენენ დაფინანსების ვაუჩერს, ორგანიზაციის წარმომადგენელი ადგილზე ჩავა, მოარგებს ეტლს ბენეფიციარს და ორწლიანი გარანტიით გადასცემს.


სტატიის აზერბაიჯანული ვერსია



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
დღეს, 21 მარტს, საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
დღეს, 21 მარტს, საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
13:14 / 21.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
16:04 / 23-02-2024
ქალაქ გურჯაანში 2023 წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის რვა თვეა გასული. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მისი გარეუბნები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაც. დროში გაწელილი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გურჯაანის მოსახლეობა წუხს.
18:17 / 09-02-2024
სხვა ამბები
“ქართული ოცნებიდან” კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 1938 წელს მიღებული კანონის, FARA-ს (*უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი) პრინციპით.
15:32 / 05-04-2024
„ქართული ოცნება“ კვლავ აინიცირებს ე.წ აგენტების, იგივე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის დღეს, 3 აპრილს გახდა ცნობილი.
12:28 / 03-04-2024
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) განცხადებით, თუკი პარლამენტი მხარს დაუჭერს საარჩევნო კოდექსში ცვლილების კანონპროექტს, იზრდება საფრთხე იმისა, რომ ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნება ადეკვატურად არ აისახოს მანდატებში.
15:41 / 26-03-2024
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" მიუხედევად იმისა, რომ ასე იწყება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მთავარია.
14:02 / 15-03-2024
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07-03-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 21 °C
img
საგარეჯო 9 / 18 °C
img
დ.წყარო 8 / 17 °C
img
სიღნაღი 11 / 23 °C
img
ლაგოდეხი 10 / 18 °C
img
ყვარელი 11 / 21 °C
img
თელავი 9 / 19 °C
img
ახმეტა 8 / 19 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.