დღეს გურჯაანის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა,
საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი და მერიის ზედამხედველობის
სამსახურის წარმომადგენლები გარემოვაჭრეებს შეხვდნენ და ტერიტორიის
დაცლა მოსთხოვეს, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
გარემოვაჭრეების თქმით, ეს არის მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო.
თუკი ისინი ვერ ივაჭრებენ, ვერც ოჯახს შეინახავენ და ვერც ბანკის
ვალებს დაფარავენ. ტერიტორიის დასაცლელად მათ ორდღიანი ვადა
მიეცათ.
როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა ამბობს,
გარევაჭრობის მონიტორინგის მიზეზი, შპს „გლეხური ბაზრის“ მოვაჭრეების
პროტესტი გახდა. მათ ბაზრის კარი დაკეტეს და გაიფიცნენ. ისინი
ითხოვენ, რომ ალაგდეს გარევაჭრობა, რადგან მათთან მოქალაქეები აღარ
შედიან.
„შევხვდი ბაზრის მოვაჭრეებს, რომლებიც გარევაჭრობას აპროტესტებდნენ.
მათ მომცეს ორი დღე დრო. ამ დროში შევხვდები გარემოვაჭრეებს,
დაველაპარაკები ყველას და კანონის ფარგლებში ვიმოქმედებ. ამის შემდეგ
ბაზრის მოვაჭრეებს ვეტყვი საბოლოო გადაწყვეტილებას, რასაც მერია და
შესაბამისი სამსახურები მიიღებენ ამ საკითხთან დაკავშირებით,“ -
ამბობს ლერი გელენავა.
მასალის გამოყენების პირობები