რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
როგორც მერის მოადგილე, კოტე ბერიძიშვილი გვეუბნება, უკვე
მომზადებულია პროექტი, რომელიც გულისხმობს „ნავთისხევის“
კალაპოტში მოქცევას და დახურული კოლექტორის მეშვეობით, ქალაქზე
ჩამოტარებას.
„უკვე იცით, რომ გასულ წელს მომხდარი
სტიქიის შედეგად საკმაოდ დაზიანდა ქალაქი და
მოსახლეობა. სტიქია გამოიწვია „ნავთისხევზე“
შექმნილმა პრობლემებმა და არც ისე მარტივი მოსაგვარებელი აღმოჩნდა ეს
პრობლემა.
დავიწყეთ იმ წუთში პროექტირება, რაც მოიცავს თავის თავში ნავთისხევის
მთლიანად კალაპოტში მოქცევას და ქალაქში ჩამოტარებას, დახურული
კოლექტორის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, იყო სერიოზული პრობლემები.
იყო სერიოზულად რთულად დასაპროექტებელი თემა, იყო სერიოზული
გადაწყვეტილებების მიღება საჭირო და იყო, შეთანხმებები, რაც ყველაზე
მთავარია, ძალიან ბევრი - გარემოს დაცვასთან და ა.შ. მთელი რიგი
პროცედურები იყო გასავლელი.
ჯამში პროექტი დაგვიჯდა 105 ათას ლარამდე. როგორც იქნა მივიღეთ ეს
პროექტი, ამან სერიოზული ექსპერტიზები გაიარა, ვინაიდან თემა ძალიან
სერიოზულია და მოსახლეობის სიცოცხლესთან გვქონდავს საქმე.
მიმდინარეობს სატენდერო პროცედურების გავლა, რათა დავდოთ უკვე
ტენდერზე სამუშაოები და მაქსიმალურად შემოკლებულ დროში დავიწყოთ
კოლექტორის მშენებლობა,“ - ამბობს კოტე ბერიძიშვილი.
მისივე თქმით, მშენებლობა მოიცავს ძველი კოლექტორის ნაწილის წმენდას,
ნაწილის მშენებლობას, ახტალის ხევზე დაერთებას და ასფალტის საფარის
დაგებას.
„მშენებლობა მოიცავს ავტოგასამართი სადგურის ზემოდან, სადაც ადრე იყო
ძველი კოლექტირი, იქიდან დაწყებული ნაწილის წმენდას. სადღაც 10
პროცენტი იწმინდება, რადგან კოლექტორი კარგ მდგომარეობაშია და ზევიდან
ნაგებობებია აშენებული, ამიტომ ქვეშ გაწმენდა მოსახერხებელია. საუბარი
მაქვს ავტოგასამართ სადგურზე, რომელიც კოლექტორის თავში
მდებარეობს.
შემდეგი ნაწილზე სრულად ხდება ახლის მშენებლობა და დახურული
კოლექტორით ახტლის ხევზე დაერთება. გვიწევს აქ საგზაო საფარის მოხსნა,
ქვეშ სამუშაოების ჩატარება და შემდეგ ისეთი გადახურვის მოწყობა,
რომელზეც შესაძლებლობა გვექნება საგზაო საფარის მოწყობისა და
მოძრაობის აღდგენისა.
რაც შეეხება ნავთის ხევის ზედა ნაწილს, რომელიც ცემენტის კალაპოტშია
მოქცეული და ღია კოლექტორია, უკვე მოხდა მისი გაწმენდა სტიქიის
პერიოდში. საუბარია ღია კოლექტორის ზედა ნაწილის გაწმენდაზე, რომელსაც
აუცილებლად მივაბამთ კოლექტორის მშენებლობას.
ამ ეტაპზე რომ დავიწყოთ ზევით გაწმენდის სამუშაოები, უბრალოდ აზრს
კარგავს, რადგან ქვემოთ, სადაც ყველაზე მთავარი ნაწილია, ხევზე
მიერთება, არ გვაქვს დაწყებული. ამას როგორც კი დავიწყებთ, თან
მივაბამთ ხევის საშიშ მონაკვეთების გაწმენდის სამუშაოებსაც. ასე რომ,
ამ პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა აბსოლუტურად დაცული იქნება
სტიქიური მსგავსი წყალდიდობისგან და უბედურებისგან,“ - ამბობს მერის
მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის
15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ დაზარალდა
როგორც მოსახლეობა, ისე დაზიანდა
ქალაქის ქუჩები. უკვე დაიწყო
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის
საავტომობილო გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო
სამუშაოები, თუმცა, ჯერჯერობით, ეს სამუშაოები
ქალაქის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს, რაც მოსახლეობის
უკმაყოფილებას იწვევს. სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 5`739`244.51
ლარია, შპს „ქეი ქონსთრაქშენი“
ასრულებს. როგორც კოტე ბერიძიშვილი
გვეუბნება, ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოები 31 მაისამდე
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები