ბლოგი
ვინც თვლის, რომ პროფესია დედის გრძნობაზე წინ უნდა იდგეს, ნუ წაიკითხავს [potos]
(ბანაკი თუ...) 3 აგვისტოს გურჯაანიდან დაახლოებით 60 ახალგაზრდა ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში გორდის ეროვნული პარკის მიმართულებით გაემგზავრა. მათ შორის იყო ჩემი ორივე შვილი.
ვჯიჯგნე და ვჯიჯგნე სტატიის ტექსტი, მაინც ვერაფერი მოვუხერხე. ემოცია ებრძოდა ჩვევას, მიკერძოებული ვიყავი, ვბრაზობდი, ვბობოქრობდი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ბლოგი უნდა დამეწერა და არა სტატია. რამდენიმე კვირის წინ, მეგობარმა მითხრა, ბავშვს ახალგაზრდულ ბანაკში ვაგზავნი, ძალიან ლამაზ ადგილას, ოკაცეს კანიონზე მიდიან და თანაც ბევრ კარგ ღონისძიებასაც გეგმავენო, დეტალურად გამოვკითხე ყველაფერი და იდეა მართლაც მომხიბვლელი მეჩვენა. ჩემი მოტივაცია ის იყო, რომ ნანუკა, რომელიც 14 წლისაა, კომპიუტერისთვის ცოტა ხნით მაინც მომეცილებინა, დარწმუნებული ვარ, მშობლების უმრავლესობა ამას იოლად გაიგებს.

ჯერ ინტერნეტში „დავგუგლე“- ,,სახელმწიფო 3:0", ინფორმაცია მალევე ვიპოვე, ნამდილად ეტყობოდა კარგად ორგანიზებული პიარის ხელი. ნანახმა ისე მომხიბლა, რომ უფროს შვილსაც შევთავაზე ბანაკში წასვლა, უფრო სწორად, კი არ შევთავაზე, დავაძალე. გიორგი ვაშაძის ორგანიზაციასთან დამაკავშირებელი რგოლიც მალევე მოვნახე; ვთხოვე, თუ შესაძლებელია, იქნებ ბავშვები თვის დასაწყისშივე გააგზავნოთ, რადგან აგვისტოს მეორე ნახევარში სხვა გეგმები გვაქვს-მეთქი. დამთანხმდნენ, ის კი არა, პირველივე ნაკადში ჩასვეს. ბანაკის პოპულარიზაციისთვის მენეჯერებმა ყველა შესაძლო ვარიანტი გამოიყენეს: სოციალური ქსელი, ტელევიზია, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები. გადასახადი მიზერულ თანხას 25 ლარს შეადგენდა და შესაბამისად, უამრავი მსურველიც გამოჩნდა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებდნენ, მხოლოდ გურჯაანიდან საზაფხულო ბანაკში 400 ახალგაზრდა უნდა წასულიყო (ამ თემაზე speqtri.ge-მ ნიუსიც მოამზადა). ლიბერთი ბანკში 50 ლარი გადავიხადეთ და ქვითრები ორგანიზატორს გადავეცით. ბავშვებმა ფეისბუქის ჯგუფში ინსტრუქცია მიიღეს, მკაცრად იყო აკრძალული ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების, სიგარეტისა და წამლების წაღებაც კი. ნანუკა ალერგიულია და ორი აბი „ვანსეარი“ მაინც ვუყიდე, ვიფიქრე, ჯგუფის ხელმძღვანელს ვთხოვ, გამონაკლისი დაუშვას-მეთქი. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შვილებს კარგ, საიმედო ადგილას ვგზავნიდი და ამას თავისი შედეგი ნამდვილად ექნებოდა, ბავშვებს სახარჯოდ მხოლოდ 20 ლარი გავატანე, ესეც ყოველი შემთხვევისთვის. ბანაკი მართალია საველე პირობებს ითვალისწინებდა, მაგრამ, მკაცრად იყო დაცული უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმები. ასევე იგეგმებოდა ტრენინგები, რომელსაც, როგორც გვარწმუნებდნენ, ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტების წამყვანი ლექტორები ჩაატარებდnენ. სემინარები შეეხებოდა თემებს- ეკოლოგია, ამერიკული და ევროპული ლიდერშიფი, ეკონომიკა, ლიდერობა, გუნდის მართვა და საჯარო გამოსვლის სტრუქტურა.

ბავშვები 3 აგვისტოს დილის 9 საათზე გურჯაანის იუსტიციის სახლის წინ შეიკრიბნენ, გავაცილეთ და მშვიდობიანი მგზავრობა ვუსურვეთ. საღამოს უფროსმა ქალიშვილმა დამირეკა, დედა შენ არ იცი, აქ რა ხდება, ვიღაცის სახლში შეგვიყვანეს, სადაც არც საწოლი გვაქვს, არც სკამი, იატაკზე ქვეშაგები ყრია, იქ ვწევართ და ოთახს, სადaც 13 ბავშვია, კარი საერთოდ არ აქვსო. გულს შემომეყარა, მაგრამ მის ნათქვამში მაინც ეჭვი შემეპარა. ვიფიქრე, დაღლილია და ხვალ ალბათ, ამ ყველაფერს სხვა თვალით შეხედავს-მეთქი. მეორე დილას მე თვითონ შევეხმიანე, საჭმელი საშინელი გემოსია, ანტისანიტარიაა, ვერაფერს ვჭამთ და არც იმდენი ფული გვაქვს, რომ მაღაზიაში ვიყიდოთ რამეო. დავურეკე ჯგუფის ხელმძღვანელს, არც მე ვიცოდი ეს ამბავი თუ დაგვხვდებოდაო, - მითხრა. ალბათ, არც ერთი მშობლისთვის არ იქნება ძნელად გასაგები, რა დღეში ვიყავი ის დღეები, რამდენჯერ ვრეკავდი ბავშვებთან, ღმერთს ვთხოვდი, ყველაფერი მალე დამთავრებულიყო და სახლში მშვიდობიანად დაბრუნებულიყვნენ.

ჯგუფის ხელმძღვანელთან კიდევ ერთხელ მომიწია დარეკვა, როცა უფროსმა შვილმა მითხრა, რომ ლიდერი- სერგო (რომლის დედაც პარლამენტარია, ასე იცოდნენ ბავშვებმა) ოთახიდან გასვლას უკრძალავდა, ასეთი „ხოში“ მაქვს, თუ არადა, კოჭებში დაგამტვრევო. ჯგუფის ხელმძღვანელმა დამამშვიდა, დღესვე გავაგდებთ ბანაკიდან, მაგან ისეთი რამეები ჩაიდინაო. როგორც გვითხრეს, პირველი ნაკადი 6 აგვისტოს დილის 9 საათზე უნდა გამომგზავრებულიყო, მაგრამ მძღოლი წინა საღამოს დათვრა და ავტობუსის გასაღები დაკარგა. ის დღე უსაშველოდ გაიწელა, 9 საათიანი მგზავრობის შემდეგ ბავშვები საღამოს 10 საათზე ჩამოვიდნენ გურჯაანში. ფოტოებმა და მათმა მონაყოლმა გამაოგნა: „ბიჭებს ლიდერი საერთოდ არ ჰყავდათ, ყველა თავის ჭკუაზე დადიოდა, მარტო სიგარეტი კი არა, მოსაწევიც კი ჰქონდათ, არანაირი შეხვედრა არ ჩატარებულა, ჩვენი ლიდერები მხოლოდ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და სხვა არaფერს აკეთებდნენ, ფანჯრები დალურსმული იყო და არ იხსნებოდა, ოთახს კარის ნაცვლად ფარდა ჰქონდა, დუშის ნაცვლად წყალი რეზინის მილიდან გადმოდიოდა და ისიც ცივი იყო, საშინელი ანტისანიტარია იყო, საჭმელი ფაქტობრივად არ გვქონდა და ვშიმშილოbდით- ეს არის ის ძირითადი ფრაზები, რომელიც მოკლედ, მაგრამ ნათლად ასახავს მათ ბანაკურ ცხოვრებას.

პროფესიულმა ჩვევამ მაიძულა ყველა ეს ინფორმაცია პროექტის ხელმძღვანელობასთან გადამემოწმებინა; ჯერ ორგანიზაციის პრესსამსახურს თეონა ჭალიძეს დავურეკე, რომელმაც სავარაუდო კითხვების შეთანხმება მთხოვა და მხოლოდ ამის შემდეგ დამაკავშირა პროექტის მენეჯერ პაატა მანგალაჯესთან.

-რა პირობებში იმყოფებოდნენ ბანაკში და რა ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას პირველი ნაკადის წევრები?

"682 ადამიანი იყო თავის მენეჯმენტით, დამხმარე პერსონალით, მოწვეული მომღერლებით და ასე შემდეგ. პროექტის შესახებ ვაცნობეთ შესაბამის ორგანოებს, შსს-ს ოთხი ეკიპაჟი იცავს, ასევე ჩვენთან შექმნილია ჯგუფები, რომლებიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ჩამოყვანილი გვყავდა მოლაშქრეთა ერთ-ერთი ფედერაციიდან სპეციალური ჯგუფი, გადავუხადეთ თანხა და დაატრენინგა 10 ადამიანი. ჩვენი ბანაკი არის სკაუტური ტიპის. დავამატეთ შემეცნებითი ღონისძიებები, არის ორიენტირებული გართობაზე, ასევე ლაშქრობებზე. პირველია კანიონის მონახულება, შემდეგ არის კინჩხა, სოფელი გორდთან, სადაც არის ხელოვნური ჩანჩქერები და ა.შ. არ იფიქროთ, რომ ეს ქაოსურად ხდებოდეს. ახალგაზრდებს ვყოფთ ათ-ათ კაციან ჯგუფებად, მათ ჰყავთ თავიანთი ლიდერები. მთავარია, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია, იმიტომ, რომ კვების ობიექტებს ყოველ მეორე დღეს ამოწმებს სანიტარულ-ჰიგიენური სამსახური.

-ბავშვებს სძინავთ იატაკზე, საშინელ პირობებში იკვებებიან, პრობლემები იყო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით...

- როგორ გეკადრებათ, თქვენ ტენდენციურად აშუქებთ სიტუაციას. გეთანხმებით, რომ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ნამდვილად იყო რაღაც ხარვეზები, უბრალოდ საქართველოში ვერ ვნახეთ, ნორმალური სატრანსპორტო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფდა მათ გადაყვანას და იმ ქვეყანაში, სადაც ხარვეზების გარეშე ვერ აანთეს ოლიმპიური ცეცხლი, არცაა ეს გასაკვირი.

-მე ვნახე ფოტოები, რომლებიც ბავშვებმა გადაიღეს ბანაკში...

-არ ვიცი, დავინტერესდები აუცილებლად. სად ხდებოდა ეს? მაჩვენეთ ეგ ფოტოები.

პროექტის მენეჯერის პაატა მანგალაჯის თქმით, 1 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე, ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტების 9000-ს მონაწილეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს მარშრუტები გორდი–კინჩხა. მე კი მივმართავ ყველა მშობელს, დაფიქრდით, სანამ შვილებს “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” პროექტის- სახელმწიფო 3.0-ის ბანაკში გააგზავნით!
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" მიუხედევად იმისა, რომ ასე იწყება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მთავარია.
14:02 / 15.03.2024
იციან, რომ მასწავლებელი ასწავლის, ექიმი კურნავს, მოსამართლეს
განაჩენი გამოაქვს, მეხანძრე ცეცხლს აქრობს, მცხობელი პურს აცხობს,
მაგრამ ჟურნალისტი? ზოგს ვერ გაუგია, რატომ გაჩნდი საჭირო დროს საჭირო
ადგილას.
იციან, რომ მასწავლებელი ასწავლის, ექიმი კურნავს, მოსამართლეს განაჩენი გამოაქვს, მეხანძრე ცეცხლს აქრობს, მცხობელი პურს აცხობს, მაგრამ ჟურნალისტი? ზოგს ვერ გაუგია, რატომ გაჩნდი საჭირო დროს საჭირო ადგილას.
13:18 / 07.09.2017
რამდენიმე დღის წინ, ჩემს ძველ ნაწერებს ვათვალიერებდი. აი ისეთებს, თინეიჯერობის დროს თითქმის ყველა რომ წერს, მაგრამ ძირითადად მზის სინათლეს ვერ ნახულობს.
22:36 / 19.10.2015
მაია ყალაბეგაშვილი

გაზეთ
მაია ყალაბეგაშვილი გაზეთ "სპექტრის" სარედაქციო ჯგუფის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, მშვიდობა, ჯანი, ულევი სიხარული, სიყვარული და ბარაქა გისურვოთ.
13:45 / 21.01.2014
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 17 / 29 °C
img
საგარეჯო 17 / 28 °C
img
დ.წყარო 15 / 25 °C
img
სიღნაღი 17 / 30 °C
img
ლაგოდეხი 15 / 26 °C
img
ყვარელი 17 / 29 °C
img
თელავი 17 / 28 °C
img
ახმეტა 16 / 29 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.