ჯანდაცვის მსოლფიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ზაფხულში ზიკას
ვირუსი შესაძლოა, ევროპაში გავრცელდეს. ორგანიზაციის მონაცემებით,
ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსა და რუსეთის
შავიზღვისპირა რეგიონებში, ასევე კუნძულ მადეირაზე არსებობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ვირუსის
თავიდან ასაცილებლად ყველა აუცილებელი ზომა მიიღოს, მათ შორისაა
საზოგადოების ინფორმირება - განსაკუთრებით ორსული ქალების, რადგან
დაავადება ნაყოფის განვითარენაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
იმ ქვეყნებს შორის, სადაც სპეციალისტები ვირუსის გავრცელების
საშიშროების დონეს ზომიერად აფასებენ, არიან საფრანგეთი, ესპანეთი,
იტალია და საბერძნეთი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ
რეგიონებში ბინადრობს კოღოს ის სახეობა, რომელსაც ზიკას ვირუსი
გადააქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი გლობალურ საფრთხედ
აღიარა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დრომდე არ არის
შექმნილი.
ვირუსი ახალშობილებში ტვინის თანდაყოლილ დეფექტებსა და ნევროლოგიურ
პრობლემებს იწვევს. მთავარი სიმპტომებია დაბალი სიცხე, თავის და
სახსრების ტკივილი, კონიუნქტივიტი და გამონაყარი.
მასალის გამოყენების პირობები