ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2012-13 სასწავლო წელს გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 2013 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო და 1 მარტამდე გაგრძელდა, ხოლო მეორე ეტაპი 2013 წლის 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით გაიმართება.
გამოცდების ჩაბარების უფლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და იმ პირებს აქვთ, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად, შესაბამის წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. ეს პროცესი სხვა სკოლებთან ერთად საგარეჯოს რაიონის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლაშიც წარმატებით მიმდინარეობს.
როგორც ჩვენთან საუბარში სკოლის დირექტორის მოადგილემ მამედ ჰუსეინოვმა გვითხრა, შედეგებით კმაყოფილია.
-"მე-12 კლასში გამოცდაზე 10 ბავშვი გავიდა. სულ სამი გამოცდა ჩატარდა: გეოგრაფიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში. ამ საგნებში ყველა ბავშვმა ნორმალური შედეგი აჩვენა. ქულები 6-დან ზემოთ, ცხრა ქულამდე დაიწერა. 10 ქულა არავის აუღია. ტესტები საშუალო სირთულის იყო." _ გვითხრა მან და იქვე დასძინა, რომ ტესტირების დროს, ოთახში არც ერთი საგნის მასწავლებელი არ იმყოფებოდა, რადგან მათი მხრიდან ბავშვების დახმარების მცდელობა არ ყოფილიყო.
-"მაკონტროლებელი ფიზიკულტურის მასწავლებელი იყო, რომელმაც ტესტების შესახებ არაფერი იცოდა. გამოცდა საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა და შედეგებით უკმაყოფილო არ ვართ. წლევანდელი კურსდამთავრებულებიდან 3 ან 4 ბავშვი აპირებს უმაღლესში ჩაბარებას, იმედია ასეც იქნება და წარმატებებს მიაღწევენ," _ გვითხრა მან.
მასალის გამოყენების პირობები