დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებში სასწავლო პროცესი
განახლდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მშობლებს კვლავ აქვთ
შესაძლებლობა, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის
მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები
დისტანციურად ჩაატარონ.
სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები სწავლის განახლებისთვის სრულ
მზადყოფნაშია და მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის
წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან
ასაცილებლად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზედმიწევნით
იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა
რეკომენდაცია. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კი კვლავ
წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება.
“დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების
ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ
უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. ამ ეტაპზე
ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა
73%. ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან ჰიგიენური საშუალებებით
აღჭურვილია საჯარო სკოლები წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით. კერძოდ,
სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით,
პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით”, –
აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები