საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო
დაადო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი თავისი არსით არის
რუსული და ვეტო არის მარტივი - კანონი არ ექვემდებარება არავითარ
შესწორებებს და ერთადერთი გზა მისი გაუქმებაა.
„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით,
სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს
კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს. ამდენად,
წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად
გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ
ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას. ამდენად, არის
ძალიან მარტივი ვეტო - ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა სალომე
ზურაბიშვილმა.
ვეტოს დადების შემდეგ კანონი განსახილველად უბრუნდება პარლამენტს.
ვეტოს დასაძლევად საკმარისია 76 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მმართველ
უმრავლესობას 83 ხმა გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ფართომასშტაბიანი
საპროტესტო აქციების,
სტუდენტთა მასობრივი გაფიცვისა თუ საქართველოს
დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად,
რუსული კანონი მესამე მოსმენით,
84 ხმით მიიღო. საზოგადოებრივი პროტესტი რუსული
კანონის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად
ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე გრძელდება.
საგანგაშოა ისიც, რომ პარლამენტმა რუსული კანონის
ბევრად ხისტი ვერსია მიიღო. ამ დროისთვის,
კანონში ფარულად ჩამატებულია მუხლები, რომლებიც ე.წ “მონიტორინგის
ჩატარების პროცესში” ნებისმიერი ფიზიკური პირის განსაკუთრებული პირადო
მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.
მასალის გამოყენების პირობები