გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიხსნა მიკროლაბორატორია, სადაც ნიადაგის სინჯების ანალიზის ჩატარებაა შესაძლებელი.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ვანო ბასილაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ფერმერებს სასუქის შეტანა კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით შეეძლებათ.
ბასილაშვილის განმარტებით, ვინაიდან, ახლა ისეთი პერიოდია, რომ მოსახლეობას ნაკვეთში ფართო მასშტაბით შეაქვს სასუქები, მათ სჭირდებათ ინფორმაცია თუ როგორ უნდა იმუშაონ ამ მიმართუებით. „ჩვენ მათ ავუხსენით, რომ სასუქების შეტანამდე აუცილებელია მიმართონ ლაბორატორიას, რათა ზუსტად იცოდნენ მის ნიადაგს რა სასუქი რა რაოდენობით სჭირდება. ზოგიერთი ნიადაგი სასუქს საერთოდ არ მოითხოვს, მაგრამ მოსახლეობას მაინც შეაქვს, რაც მათთვის ზედმეტი ხარჯია. ამასთან ზედმეტი სასუქი მცენარის ზრდა-განვითარებისთვის არ არის ხელსაყრელი, რადგან კნინდება და ნორმალურ მოსავალს აღარ იძლევა. პირიქითაც ხდება, მიწას აკლია სასუქი და არ შეაქვთ. ხანდახან კი ცდომილებასთან გვაქვს საქმე. ცნობილია, რომ აზოტი, ფოსფორი და კალიუმია ძირითადი სასუქები. არის შემთხვევა, რომ ნიადაგს აკლია კალიუმი, მაგრამ აზოტი შეაქვთ, ან აკლია აზოტი და ფოსფორი შეაქვთ. ამიტომ ჩვენს სამსახურს უკვე აქვს პატარა, მიკროლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ნიადაგის სინჯის ჩატარების შემდეგ ფერმერს ვუთხრათ, თუ რა ნივთიერება აკლია მის მიწას. სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში, სადაც ატარებენ ნიადაგის ქიმიურ ანალიზს, კონკრეტულად ეტყვიან, რამდენი და რომელი სასუქი უნდა შეიტანოს ერთ ჰექტარზე“.
მისივე თქმით, ეს სამუშაოები სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ნიადაგის ანალიზის ჩატარება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მდებარე შპს „მექანიზატორშია“ შესაძლებელი. სინჯის ანალიზი სამივე ნივთიერებაზე (კალიუმი, აზოტი, ფოსფორი) 15 ლარი ჯდება. როგორც ვანო ბასილაშვილი speqtri.ge-სთან განმარტავს, აღნიშნული ანალიზი აზოტის შემთხვევაში შესაძლოა ყოველ წელს ჩატარდეს, რადგან ეს სასუქი მიწიდან სწრაფად გადის. ხოლო კალიუმი და ფოსფორი ნიადაგში 4 წელი რჩება.
მასალის გამოყენების პირობები