საზოგადოება
"ეს მარტივია იზრუნე გარემოზე“ - რეალობა, რომელიც პრობლემას მარტივად ვერ გადაჭრის [Photo]
კახეთის რეგიონში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2015 წლის 15 იანვრიდან მაისამდე "ნარჩენების მართვის კოდექსით" გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 18 მოქალაქე დააჯარიმეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ერთ პიროვნებას ოქმი შეუდგინეს, ხოლო სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ერთი ფაქტი გამოავლინეს.

უკანონო - კანონიერი ნაგავსაყრელები

- თვითონ აქ ეზიდებიან სოფლიდან ნაგავს და მერე ჩვენ გვაფრთხილებენ, არ დაყაროთ, თორემ დაგაჯარიმებთო!
-როგორც მითხრეს, კვირაში ორჯერ მანქანით გააქვთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და პრობლემა აღარ არსებობს.
-მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე დადის მანქანა, გარეუბნის მაცხოვრებლებმა რა ქნან?
-კონტეინერები ხომ დგას?
- ჩვენს სოფელში არც ერთი არ არის და სხვაგან არ ვიცი.

სოფელ ველისციხეში, ყოფილი ტექნიკუმის შესახვევს ჩავყევით- "წალამურას“ ტერიტორიაზე აყვავებული ტყემლების მიღმა, შორიდანვე შევნიშნეთ გორებად დაყრილი დამტვრეული ბოთლები, ტომრები, რეზინის მილები და სხვა ათასგვარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები. საშინელი სუნია. ლურჯი ფერის სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ნაგავსაყრელამდე მიგვაცილა. ნარჩენების პოლიგონს მრავალწლიანი ბაღები და ზვარ-ვენახები ემიჯნება, იქვე რამდენიმე ათეული სული ძროხა ბალახობს. მენახირე ფოტოების გადაღებას აპროტესტებს, თუმცა გასაუბრებაზე სიამოვნებით გვთანხმდება. ზაზა ღვთისიაშვილი ახმეტიდანაა და სოფელ ველისციხეში ბერუაშვილების ფერმაში მუშაობს.

- ბოლო ორი თვეა, თავს იკავებდნენ ნაგვის დაყრისგან, მაგრამ გუშინ თვითმცლელმა მოიტანა ერთი მანქანა. საძოვარი არ არის და სხვაგან სად წავიყვან საქონელს?! შეწუხებული ვართ ყველანი, თქვენც ხომ ხედავთ რა საშინელებაა, ყარს აქაურობა, რომ დაცხება, აქ ვეღარ გაჩერდება კაცი.

რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, მიწას ფარცხავენ და სასიმინდედ ამზადებენ, ინტერვიუს ჩასაწერად მათაც მივმართეთ, თუმცა ოფიციალურ კომენტარზე უარი მივიღეთ: -არ არის კარგი აქ რომ ნაგავს ყრიან, მაგრამ მე რატომ უნდა ვილაპარაკო, ნათია გიორგაძე (სოფელ ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე) ხომ თქვენთანაა, მაგან ყველაზე კარგად იცის ეს ამბავი, ეგ მოგიყვებათ!

გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" წნორისა და თელავის პოლიგონზე ნარჩენების გატანას შპს "კეთილმოწყობა" უზრუნველყოფს. დირექტორი დავით გოგებაშვილი გამორიცხავს, რომ თელავის ნაცვლად, შესაძლოა, მძღოლმა ნარჩენები "წალამურას" ტერიტორიაზე დაყაროს. -ჩვენ არ გვაქვს არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ პოლიგონზე, სადაც ხდება ნარჩენების გატანა, კეთდება ჩანაწერი, რომ ნამდვილად შევიდა მანქანა.

-ხომ შესაძლებელია, მძღოლმა სადმე ხრამში ჩაყაროს ნარჩენები და ადგილამდე არ მიიტანოს, მონიტორინგს ვინ აწარმოებს?
-მე ვიცი, რომ ამას არ გააკეთებენ და თუ დაგვჭირდა, ჩავალთ და გავარკვევთ, ჩანაწერებს მოვითხოვთ.
-თუ შეგიმოწმებიათ აქამდე?
-არა, არ დაგვჭირვებია.

სოფელ ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნათია გიორგაძე თვლის, რომ პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. მისი ინიციატივით საკითხი "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების" წარმომადგენელმა- "დავასუფთაოთ საქართველოს" პროექტის ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ შეისწავლა:
-გურჯაანის რაიონში ბევრი ისეთი ადგილი აღვწერეთ, სადაც არსებობს ნარჩენების პოლიგონები, ანუ უკანონო ნაგავსაყრელები. სოფელ ველისციხეში ეს ტერიტორია საერთოდ ვენახებშია მოქცეული. იქ შეაქვთ ნაგავი, სადაც არ ეზარებათ, ან მოსახლეობა აკეთებს კონცენტრირებას ერთ ადგილზე. რეალურად, სოფელ ველისციხის პრობლემა ჩვენი ქვეყნის ბევრი სოფლების ტიპიურია. ჩვენ მივეცით რეკომენდაცია მუნიციპალიტეტს, რომ სასწრაფოდ მოახდინონ ამ ადგილის კონსერვაცია, უნდა შეიღობოს და დაიმარხოს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა თვითმცლელს მუნიციპალური ნარჩენები ადგილამდე არ მიაქვს, როგორც მითხრეს, თუ არ ვცდები, სოფელ შილდაშიც დაფიქსირდა ასეთი ფაქტი.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი, პროექტის "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ დირექტორის მოადგილე ნინო შავგულიძე თვლის, რომ მდგომარეობა საგანგაშოა და მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი:
-აუცილებელია ნარჩენების განთავსება მოხდეს სპეციალურად შემოღობილ დაცულ ადგილას, რომელსაც აქვს გაუმტარი ფსკერი. რა თქმა უნდა, რისკი იზრდება მაშინ, როცა არ ვიცით სპონტანურ ნაგავსაყრელებზე რა ტიპის ნარჩენები ხვდება. გარდა იმისა, რომ მწერს სხვადასხვაგვარი დაავადების გადატანა შეუძლია, ნარჩენები იხრწნება, გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერებები, ხდება გრუნტის წყლების დაბინძურება. შედეგად, მავნე ნივთიერებები ხვდება ნარგავებში, შემდეგ პროდუქტში და ბოლოს ადამიანის სხეულში. ეს ერთგვარი ჯაჭვური რეაქციასავითაა. ძალიან სამწუხაროა, როცა მოსახლეობას ნარჩენების სპონტანური დაყრა პრობლემად არ მიაჩნია და საკუთარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომ დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი.

"ამას მარტივად არ ეშველება..."

"ეს მარტივია, იზრუნე გარემოზე“- ამ სლოგანით დაბეჭდილი პოსტერები თვითმმართველობის წარმომადგენლებს საჯარო და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებში გასავრცელებლად დაურიგდათ. 15 იანვრიდან კი, "ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიხედვით, გარემოს დაბინძურებაზე გამკაცრებული სანქციები დაწესდა. ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50, ხოლო მაქსიმალური - 5 ათასი ლარით განისაზღვრა.

თამარიანი ლაგოდეხის ცენრიდან 20 კილომეტრითაა მოშორებული, სოფელში 150 კომლი ცხოვრობს; არც ნაგვის მანქანა ემსახურებათ და არც ნაგავსაყრელი აქვთ. ნარჩენების გატანას შეძლებისდაგვარად, ინდივიდუალურად ახერხებენ. 11 თებერვალს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 18 წლის, დავით კაკიაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს ორასლარიანი ჯარიმა ეკისრება. დავით კაკიაშვილი: -სოფლიდან ორ-სამ კილომეტშია კანაო, სადაც მთელი სოფელი ეზიდება ნაგავს. მეც ბრიჩკით წავიღე შლანგის ნამტვრევევები, ცელოფანი და კიდევ რაღაცეები. გადავედი გზიდან და რომ გადავყარე, ორი კაცი მოვიდა, მითხრეს, გარემოს დაცვა ვართ, თქვენ დაანაგვიანეთ გარემო და უნდა დაგაჯარიმოთო. ვუპასუხე, აბა, სად წავიღო, ნაგავსაყრელი არ გვაქვს და ნაგვის მანქანა არ დადის, ეზოში ხომ არ დავყრი-მეთქი. არ გვაინტერესებს, ეგ ჩვენი საქმე არ არის, სოფლის თავმჯდომარეს მოსთხოვეთ პასუხიო. თამარიანის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი, ეკონომიკის და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, დავით მათიაშვილი თვლის, რომ მხოლოდ სანქციების გამკაცრებით გარემოს დაცვის პრობლემა ვერ გადაიჭრება:

- როგორ გაჩვენოთ, მრცხვენია, პატარა ბავშვი მყავს და პამპერსებით სავსე 6-7 ტომარა სახლში მიდევს, სად წავიღო, არ ვიცი. ველოდები რაღაც სიტუაციას, რომ მანქანის საშუალება გამოჩნდება და ნაგავსაყრელამდე მივიტან. მეც სოფლის ბოლოს ხომ არ დავყრი, სხვას რაღა მოვთხოვო?! საკრებულოს წევრი ვარ და მუდმივად ამაზე ვსაუბრობ. ეს საკითხი არაერთხელ დავაყენე. არის სოფლები, საიდანაც ხდება ნარჩენების გატანა, მაგრამ ჩვენს სოფელში ნაგვის მანქანა კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს ჯონი გაფრინდაშვილის თქმით, სოფელში არსებული პრობლემების გარკვევა მას არ ევალება:

- ვმოქმედებდი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონის ფარგლებში და "ნარჩენების მართვის კოდექსით". არცერთ დებულებაში არ გვაქვს მინიშნებული, რომ ვარკვიოთ აქვს თუ არა სოფელს ნაგავსაყრელი, ან ემსახურება თუ არა ნაგვის მანქანა. იქნებ მოქალაქე მატყუებს და რომც არ მატყუებდეს, ეგ მუნიციპალიტეტის საქმეა და არა ჩვენი. მაგ ოქმთან დაკავშირებით, აბსოლუტურად შეცდომა არ მაქვს დაშვებული.

"დავასუფთაოთ საქართველოს" პროექტის ხელმძღვანელი, ნინო ჩხობაძე პასუხისმგებლობას ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებს: -თავიდანვე ვთქვით და ვსვამთ საკითხს, რომ ამას მარტივად არ ეშველება. 2016 წლის იანვრამდე, იმ მუნიციპალიტეტბში, სადაც არ არის მოწესრიგებული ნარჩენების გატანის სისტემა, კერძო პირებზე საჯარიმო სანქციები არ ვრცელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობაში სანქციების გატარებას მოჰყვება აგრესია. ეს დათქმა იყო ჩაწერილი "ნარჩენების მართვის კოდექსში“, მაგრამ ამის განცხადება არ უნდა მომხდარიყო ზeპირსიტყვიერად, უნდა ყოფილიყო შესაბამისი ნორმატიული აქტი. თუ ხულომ მოაგვარა ეს პრობლემა, რატომ სხვა მუნიციპალიტეტებმა ვერ გადაწყვიტეს?! "სპექტრის“ მიერ გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ნარჩენების გატანა ხდება "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ მოწყობილ ნაგავსაყრელებზე; თუმცა პრობლემა ღიად რჩება მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში. თითქმის ვერც ერთმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვერ დაგვისახელა არგუმენტი, რის გამო არ მოხდა კოდექსის 48-ე მუხლის მეხუთე პუქტით გათვალისწინებული დებულების საფუძველზე, ნორმატიული აქტის მიღება და საჯარიმო სანქციებისგან კერძო პირების გათავისუფლება.

აქტუალური სტრატეგია...

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ახლადდანიშნული მინისტრი, გიგლა აგულაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავს პრობლემას: "ჩვენი ყველა ძალისხმევა უნაყოფო იქნება, თუ თითოეულმა ჩვენგანმა არ გავაცნობიერეთ, რომ მხოლოდ საკანონმდებლო ნორმების სრულყოფით, მათი იმპლემენტაციითა და ადმინისტრირებით მიზანს ვერ მივაღწევთ. თითოეული ჩვენგანი, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები არა მარტო ვეგუებით ამას, არამედ თუ უშუალოდ არა, გულგრილობითა და მიმნებებლობით მაინც ვართ ჩართული ამ პროცესში. სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ადამიანის გარეშე არ წარმოიქმნება. სირცხვილია, ჩემო თანამემამულენო, სირცხვილი!" ბატონ მინისტრს ჩვენს კითხვებზე ასეთი პასუხები აქვს:

- ჩვენთვის ცნობილია, რეგიონებსა და სოფლებში ამ მხრივ არსებული სიტუაცია, სწორედ ამიტომ, კოდექსზე მუშაობის პროცესშივე იქნა გათვალისწინებული საშეღავათო პერიოდის განსაზღვრა მუნიციპალიტეტებისთვის, იქამდე ვიდრე ისინი შეძლებენ სათანადრო ინფრასტრუქტურის შექმნას. სამინისტრომ ამ თემაზე კანონის ამოქმედებამდე ჩაატარა განმარტებითი შეხვედრა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. თავის მხრივ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპატამენტმა, თხოვნით მიმართა მუნიციპალიტეტებს, რათა წარმოედგინათ ისეთი დასახლებების ნუსხა, რომელთა შესახებაც მიიღეს დადგენილებები და განსაზღვრეს ტერიტორიები, სადაც არ ფუნქციონირებს შეგროვებისა და გატანის სისტემები. ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობა იყოს სწორად ინფორმირებული და იცოდეს პასუხისმგებელი ორგანოების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესახებ.

- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში, სადაც არც ნაგავსაყრელია და არც ნაგვის მანქანა ემსახურებათ, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა სამართალდარღვევის ფაქტი და შედგა ოქმი 32-ე მუხლის პირველი ნაწილით. დეპარტამენტის თანამშრომელი ჯონი გაფრინდაშვილი ამბობს, რომ არც ერთი დებულებით არ არის ვალდებული გაითვალისწინოს სოფელში არსებული მდგომარეობა. თქვენ, როგორც გარემოს დაცვის მინისტრი, ხომ არ მიიჩნევთ, რომ ამ კანონის ამოქმედება არ შეესაბამება რეგიონში (და არა მარტო რეგიონში) არსებულ რეალობას?

- გარდამავალ ეტაპზე, აუცილებელია მსგავი შემთხვევების შესწავლა და ყველა მონაწილე მხარის ინტერესების შეძლებისდაგვარად გათვალისწინება. ამასთან, სამინისტროს ყველა თანამშრომელი ვალდებულია, იმოქმედოს კანონის შესაბამისად. სამინისტროში მიმდინარეობს მოცემული შემთხვევის შესწავლა და განზოგადება. კანონიერმა გადაწყვეტილებებმა უსამართლობის განცდა არ უნდა დაგვიტოვოს.

- დაჯარიმებული პიროვნება არის სოციალურად დაუცველი, 18 წლის ახალგაზრდა. თქვენი აზრით, ქვეყანაში, სადაც სოციალური ფონი საგანგაშოა, იმუშავებს თუ არა კანონი ევროსტანდარტების შესაბამისად და რა რესურსით უნდა გადაიხადოს ამ ახალგაზრდამ ჯარიმა?

- აღსანიშნავია, რომ სამინისტროში განიხილება დანაგვიანებაზე ალტერნატიული სასჯელის შემოღების საკითხი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით. ჩვენი აზრით, შესაძლებელია, ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, მაგალითად, დანაგვიანებული ტერიტორიების გაწმენდა.    

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG)
სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები, საქართველოს 6 რეგიონში
შეარჩია. მათ, თანამოაზრეებთან ერთად, სოციალური მეწარმეობით
დაინტერესებული ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის
განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები, საქართველოს 6 რეგიონში შეარჩია. მათ, თანამოაზრეებთან ერთად, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.
17:04 / 29.09.2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,
2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა დაგეგმილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა დაგეგმილი.
15:24 / 29.09.2023
დღეს სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით და
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო
დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ
შენობაზე.
დღეს სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
11:04 / 27.09.2023
26-28 სექტემბერს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები (YEAs) საქართველოდან
და ევროკავშირიდან დასავლეთ საქართველოში ღონისძიებების კვირეულს
გამართავენ. ინიციატივის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის
თანამშრომლობის შედეგების წარმოჩენა და გზავნილის, „მეტი ევროკავშირი
საქართველოში“ (More EU in Georgia), მნიშვნელობის გამოკვეთაა.
26-28 სექტემბერს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები (YEAs) საქართველოდან და ევროკავშირიდან დასავლეთ საქართველოში ღონისძიებების კვირეულს გამართავენ. ინიციატივის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შედეგების წარმოჩენა და გზავნილის, „მეტი ევროკავშირი საქართველოში“ (More EU in Georgia), მნიშვნელობის გამოკვეთაა.
10:21 / 27.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 17 °C
img
საგარეჯო 6 / 15 °C
img
დ.წყარო 6 / 12 °C
img
სიღნაღი 5 / 17 °C
img
ლაგოდეხი 7 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 17 °C
img
თელავი 6 / 15 °C
img
ახმეტა 5 / 16 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.