გურჯაანში C ჰეპატიტის 17, აივ/ შიდსისა და ტუბერკულოზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკვე თვენახევარია საპილოტე პროგრამა
დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს სამი გავრცელებული დაავადების:
ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და C ჰეპატიტის პრევენციას და მის
ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგის, მარინა კაპანაძის
განმარტებით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით უკვე 2300-მდე
მეტი პაციენტია გამოკვლეული.
„ინტეგრირებული სკრინინგი ეს არის სამი კომპონენტის გამოკვლევის
მეთოდი. აივ/ინფექცია შიდსზე და C ჰეპატიტზე კეთდება ტესტები, ხოლო
ტუბერკულოზზე - გამოკვლევები. სკრინინგი ნებაყოფლობითია. პროგრამა
გურჯაანში აგვისტოდან დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. 13
ათასზე მეტ ბენეფიციარს გამოკვლევებს ოჯახის ექიმები უტარებენ,
რომელთაც ორდღიანი ტრენინგი გაიარეს. ჩვენ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია
მოსახლეობას, რომ აუცილებლად ჩაიტარონ სკრინინგი, რადგან ეს არის
უნიკალური წამოწყება. დღეს C ჰეპატიტის მკურნალობა ზოგადად 22 ათასი
ევრო ჯდება და ჩვენთან ეს უფასოა. შეიძლება მომავალი წლიდან აღარც კი
დაგვაფინანსონ, ამიტომ აუცილებელია ყველამ ჩაიტაროს, რადგან თითოეული
ჩვენგანი ინფიცირების რისკის ქვეშ ვართ. ინტეგრირებული სკრინინგით
გამოვლინებული დადებითი პაციენტი უფასოდ იტარებს კონფირმაციულ
კვლევებს „კახეთი იონში“. რაც შეეხება ტუბერკულოზზე საეჭვო პაციენტს,
ის ტუბდისპანსერში იგზავნება.“
მარინა კაპანაძის თქმით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 2300
გამოკვლეული პაციენტიდან, 17-დადებითი C ჰეპატიტის, სამი დადებითი
აივ/ინფექცია შიდსის და სამი ტუბერკულოზის შემთხვევაა.
მასალის გამოყენების პირობები